ორწლიანი მომზადების შემდეგ, ევროკავშირის მიგრაციისა და თავშესაფრის ახალი პაქტი ოფიციალურად ამოქმედდა.
რეფორმა წევრ ქვეყნებს მკაცრ პირობებს უყენებს: მათ ან უნდა აიღონ პასუხისმგებლობა მიგრანტების მიღებაზე, ან თითოეულ უარყოფილ ადამიანზე ევროკავშირის ფონდში სოლიდური ჯარიმა - 20,000 ევრო გადაიხადონ. როგორც მედია წერს, ბრიუსელის ამ ულტიმატუმისთვის, ჯერჯერობით, სრულყოფილად მზად არცერთი ქვეყანა, მათ შორის ბელგიაც არ არის.
ფასიანი უარი მიგრანტების მიღებაზე - ახალი პაქტის ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული და ხმაურიანი პუნქტი სწორედ მიგრანტების სავალდებულო განაწილების მექანიზმია. ევროკავშირის საზღვრისპირა ქვეყნებისთვის - საბერძნეთი, იტალია, ესპანეთი და კვიპროსი განტვირთვის მიზნით, დაწესდა კვოტები, რომელთა მიხედვითაც სხვა წევრმა სახელმწიფოებმა ყოველწლიურად თავშესაფრის მაძიებელთა გარკვეული რაოდენობა უნდა შეიფარონ.
ბრიუსელის მხრიდან ქვეყნებისთვის თანხის ალტერნატივის შეთავაზება, ფინანსურ ულტიმატუმს ჰგავს: სახელმწიფოებს შეუძლიათ უარი თქვან მიგრანტების მიღებაზე, მაგრამ ამ შემთხვევაში მათ 20,000 ევროს გადახდა მოუწევთ თითოეულ იმ პირზე, რომლის შეფარებაზეც უარს იტყვიან. ეს თანხა სპეციალურ ევროპულ ფონდში მიემართება.
მაგალითისთვის, ბელგიას წელიწადში 650 თავშესაფრის მაძიებლის მიღება ევალება. ქვეყანამ უკვე ოფიციალურად გამოყო 13 მილიონი ევრო 2026 წლისთვის, რათა მიგრანტების მიღების ნაცვლად ეს ფინანსური კომპენსაცია გადაიხადოს.
მიგრაციის პაქტი სულ 10 საკანონმდებლო აქტისა და რეფორმისგან შედგება, რომელთაც 2024 წელს ევროპარლამენტმა და წევრი ქვეყნების ნაწილმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ უნგრეთი და პოლონეთი წავიდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ კანონი ძალაში შევიდა, ევროკავშირში აზრთა სხვადასხვაობაა და უკმაყოფილებაა.
ექსპერტების თქმით, უახლოესი კვირები და თვეები იქნება "სტრეს-ტესტი" იმისა, თუ რამდენად ენდობიან და შეასრულებენ წევრი ქვეყნები ბრიუსელის ახალ წესებს.
კანონს მკაცრად აკრიტიკებენ წევრი ქვეყნები, მათ შორის პროტესტის მიზეზი ის პუნქტია, რომელიც არასრულწლოვნების საგამოძიებო/საზღვრისპირა ცენტრებში რამდენიმე თვით დაკავების შესაძლებლობას იძლევა.
"ბავშვების გამოკეტვისთვის კარის გახსნა იმ ღირებულებების უკან გადადგმული ნაბიჯია, რომლებსაც ევროპა იცავს", - აცხადებენ ბელგიელი პარლამენტარები.