"ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემობრუნებამდე ფაქტია, რომ კორუფციულ შემთხვევებთან ერთად სხვადასხვა ცალკეული პრობლემებიც იყო, ამიტომ გადაწყვიტა დაბრუნება", – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს.
არჩილ გორდულაძის განცხადებით, ირაკლი კობახიძის გუნდმა და ძალოვანების ახალმა შემადგენლობამ ეს პრობლემები პირწმინდად მოაგვარა და არც კანონდამრღვევი პოლიციელები დაინდო.
უმრავლესობის ლიდერი ტელეკომპანია "ტვ პირველის" მიერ ინფორმაციის დამალვას "მავნებლობასა და საზოგადოებაზე ინფორმაციულ ძალადობას" უწოდებს.
"ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემობრუნებამდე ფაქტია, რომ კორუფციულ შემთხვევებთან ერთად სხვადასხვა ცალკეული პრობლემებიც იყო. ამიტომ გადაწყვიტა პოლიტიკაში დაბრუნება და თქვა კიდეც!
ხელისუფლება მთლიანად კობახიძის გუნდს - პრაქტიკულად სხვა ხალხს, მთავრობისა და ძალოვანების ახალ შემადგენლობას გადასცა, რომლებმაც პირწმინდად გაწმინდეს და გაასუფთავეს ეს პრობლემები, კორუფციაზე უმაღლესი თანამდებობის პირები დააკავეს და ისიც ფაქტია, რომ არც ის პოლიციელები დაინდეს, ვინც დანაშაული ჩაიდინა.
როგორც აღმოჩნდა, ძალადობის გუშინ გავრცელებულ კადრებსაც ვერ ვნახავდით, ამ ახალ გუნდს რომ არ გამოევლინა და მოძალადეები არ დაესაჯა სამაგალითოდ!
რაც შეეხება ინფორმაციის დამალვას, რომ დანაშაულში მხილებული პირები დაკავებულები არიან, სწორედ ეს არის მავნებლობა და ინფორმაციული ძალადობა ადამიანებზე. ამაზე უფრო ვრცლად ვისაუბრებთ დღეს დებატებში იმედზე!" - წერს არჩილ გორდულაძე.
ცნობისთვის, "TV პირველმა" ძალადობაში მონაწილე პოლიციელების დაკავებაზე თებერვალშივე აცნობა მაყურებელს, თუმცა გუშინდელ ანონსში ეს არ უხსენებია.
"TV პირველის" ანონსს ეხმაურება პროკურატურა და ამბობს, რომ "ნოდარ მელაძის შაბათს" ინფორმაცია ბრალდებულების დაკავების შესახებ სრულად მიაწოდეს, თუმცა ის გადაცემის ანონსში მაინც არ ჩასვეს.