შინაგან საქმეთა სამინისტრო "ტვ პირველს" მიზანმიმართულ დისკრედიტაციაში ადანაშაულებს. უწყების განცხადებით, ტელეკომპანიამ გაავრცელა ანონსი პოლიციელების მიერ ჩადენილ ძალადობაზე ისე, რომ შეგნებულად დამალა ინფორმაცია საქმის რეალური სტატუსის შესახებ.
შსს-ს ცნობით, 2022 წელს ჩადენილ დანაშაულზე გამოძიება მიმდინარე წლის თებერვალში, თავად შსს-ს გენერალური ინსპექციის მასალების საფუძველზე დაიწყო, 23 თებერვალს კი პროკურატურამ სამივე ბრალდებული პოლიციელი დააკავა. პროკურატურის განცხადებით, მათ ნოდარ მელაძის გადაცემას სრული ინფორმაცია მიაწოდეს, თუმცა ის ანონსში არ ასახულა.
მომხდარს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი სოსიაშვილი გამოეხმაურა. მისი შეფასებით, აღნიშნული ქმედება საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა.
"რადიკალთა და მათი ამ ფსევდოტელევიზიების მიერ გავრცელებული ინფორმაცია ემსახურებოდა საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. ასეთი ინციდენტი, ასეთი გადაცდომა ნებისმიერ ქვეყანაში შეიძლება მოხდეს, ამისგან დაზღვეული არავინ არის. მთავარი ისაა, რომ სახელმწიფო ინსტიტუციები მუშაობენ გამართულად, ახდენენ მყისიერ რეაგირებას და ნებისმიერი ადამიანი, რომელიც დანაშაულს ჩაიდენს, იქნება სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი რეაგირებით დასჯილი.
რაც შეეხება ამ რადიკალების განცხადებას - თავიანთი არქივიდან ამოიღონ ათი ათასობით გაუბედურებული ადამიანის ცხოვრების კადრები - რა დღეში აგდებდა მათ სახელმწიფო, პოლიცია, როგორ დევნიდა მათ ოჯახებს და გაუმწარეს სიცოცხლე. დაანებონ ამ ფსევდოსკანდალების აგორებას და სახელმწიფოს მიმართ ყალბი ნარატივების შეთითხნას თავი," - განაცხადა გიორგი სოსიაშვილმა.
ავტორი: ნანა გოგატაძე