13 ივნისი 2026,   01:13
ვრცლად
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი იტალიის ელჩს შეხვდა

საქართველოს საპატრიარქოში უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III საქართველოში იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ბატონ მასიმილიანო დ'ანტუონოს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

შეხვედრას ესწრებოდნენ: საქართველოს საპატრიარქოს საგარეო განყოფილების თავმჯდომარე, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე და ამავე სამსახურის წარმომადგენლები.

შეხვედრაზე საქართველოსა და იტალიას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და მათი შემდგომი გაღრმავების პერსპექტივაზე ისაუბრეს. განსაკუთრებით აღინიშნა ეკლესიის როლი საზოგადოებაში მშვიდობისა და ერთობის განმტკიცების საქმეში. მისმა უწმინდესობამ ხაზი გაუსვა, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს თანამედროვე სამყაროში იმ სულიერი და ზნეობრივი ღირებულებების დაცვასა და შენარჩუნებას, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში განსაზღვრა ევროპული და, ზოგადად, ქრისტიანული ცივილიზაციის განვითარება. მისი თქმით, სწორედ ეს საერთო ქრისტიანული მემკვიდრეობა, ღირებულებები და ტრადიციები წარმოადგენს საქართველოსა და იტალიას შორის ურთიერთობისა და მეგობრობის მყარ საფუძველს. ის ასევე შეეხო მიმდინარე წელს საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებული ღონისძიებების მნიშვნელობას.

ამასთან, კათოლიკოს-პატრიარქმა მადლობა გადაუხადა იტალიის ხელისუფლებას იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების მიმართ გამოჩენილი მხარდაჭერისა და კეთილგანწყობისთვის.

თავის მხრივ, ელჩმა მადლობა გადაუხადა მის უწმინდესობას გულთბილი მასპინძლობისთვის და კიდევ ერთხელ მიულოცა კათოლიკოს-პატრიარქად აღსაყდრება. ასევე განსაკუთრებული პატივისცემით ისაუბრა ნეტარხსენებულ კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ზე, მის ავტორიტეტსა და იმ სიყვარულზე, რომელიც ქართველმა ხალხმა მისი გარდაცვალებისა და დაკრძალვის დღეებში გამოხატა.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა ერთმანეთს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს. 

დღის ამბები