13 ივნისი 2026,   01:27
ვრცლად
"შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონში ცვლილებების ინიციატივა და კრიტიკა მმართველი გუნდის მხრიდან - "ქართული ოცნება" გახარიას პარტიას ორმაგ სტანდარტში ადანაშაულებს და 20 ივნისის მოვლენებს ახსენებს

პროტესტის უფლების დაცვის ინიციატივით დღეს ისინი გამოდიან, ვინც რამდენიმე წლის წინ თბილისში მიტინგის დაშლის ყველაზე ბრუტალური მაგალითი აჩვენეს. გახარიას პარტიის წარმომადგენელი პარლამენტში "შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონში ცვლილებებს აუცილებლად მიიჩნევს. თუმცა, გიგა ფარულავა გვერდს უვლის საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იმ დადგენილებებს, რომლებიც საქართველოში სიტყვის თავისუფლებისა და კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობას ადასტურებს.

გახარიას გუნდში ისიც ავიწყდებათ, რომ 2024 წლის სტატუს-კვომდე იყო 2019 წლის ივნისის მოვლენები - გიორგი გახარიას შინაგან საქმეთა მინისტრობის პერიოდი, როდესაც მათი ლიდერი ადამიანის უფლებებსა და მანიფესტაციის თავისუფლებას ნაკლებ ყურადღებას აქცევდა. მხოლოდ 20-21 ივნისს პარლამენტთან შეკრებილი მომიტინგეების ცრემლსადენი გაზითა და კინეტიკური ენერგიის მქონე ტყვიებით დაშლისას მიზანმიმართულმა სროლამ ორი ადამიანის დასახიჩრება გამოიწვია, 250-მდე პირი კი დაშავდა. ფაქტია ისიც, რომ გახარიას ეს "ხელწერა" არც ქართული მართლმსაჯულების და არც სტრასბურგის სასამართლოს ყურადღების მიღმა არ დარჩენილა. საკითხზე აქცენტი დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემაც გააკეთა.

სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 - წამების აკრძალვის, მე-10 - გამოხატვის თავისუფლებისა და მე-11 - შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების მუხლების დარღვევა და სახელმწიფოს პასუხისმგებელი პირების დასჯისკენ მოუწოდა. თუმცა, მთავარმა პასუხისმგებელმა, გიორგი გახარიამ, მართლმსაჯულებას თავი ქვეყნიდან გაქცევით აარიდა.

გახარიას პარტიის ინიციატივას არც ემხრობიან და არც აკრიტიკებენ "ნაციონალურ მოძრაობაში". ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ აზრის გამოთქმის უფლება ყველას აქვს. თუმცა, გიორგი გახარიას მიერ წარსულში ჩადენილ ქმედებებზე ყურადღებას არც აქ ამახვილებენ.

მორალს მოკლებულსა და ცინიკურს უწოდებს მმართველი გუნდი გახარიას პარტიის ინიციატივას. საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ სანამ გიორგი გახარია და მისი თანაგუნდელები ადამიანის უფლებების დაცვაზე ისაუბრებენ, მანამდე 250-ზე მეტი დაშავებულის გამო პასუხისმგებლობა უნდა აიღონ.

პარტია "საქართველოსთვის" წარმომადგენლები ცვლილებების მოთხოვნას აყენებენ, თუმცა კვლავ დუმილს ინარჩუნებენ, თუ როდის აპირებს გიორგი გახარია სისხლის სამართლის დანაშაულზე პასუხისმგებლობის აღებას, ან რამდენად ეთიკურია ადამიანის უფლებების დამცველად პოზიციონირება იმ პირების მხრიდან, რომელთა პოლიტიკური წარსულიც მძიმე სამართლებრივ კითხვის ნიშნებს ბადებს.

დღის ამბები