12 ივნისი 2026,   17:28
ვრცლად
ეს არის პოლიტიკური სპეკულაციაა იმ გუნდის მხრიდან, რომლის ხელმძღვანელის გამოც 20 ივნისის საქმეზე სახელმწიფოს, მძიმე დარღვევა დაუდგინდა - ბექა ძამაშვილი გახარიას გუნდის ინიციტივაზე

საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი პარტია "საქართველოსთვის" მიერ "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონის კრიტიკას ეხმიანება.

ძამაშვილის შეფასებით, გიორგი გახარიას გუნდის მოთხოვნა, ცვლილებები შეიტანონ კანონმდებლობაში, არარაციონალური და "ღიმილისმომგვრელია", რადგან ეს ინიციატივა სწორედ იმ პოლიტიკური ჯგუფისგან მოდის, რომლის ხელმძღვანელიც 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ დადგენილი მძიმე დარღვევების მთავარი ფიგურანტია.

იუსტიციის მინისტრის მოადგილემ განმარტა, რომ მაშინდელი შს მინისტრის არასწორად დაგეგმილი ოპერაციის გამო, სახელმწიფოს მძიმე შედეგების გამოსწორება მოუწია.

"ეს გაჟღერებული ინიციატივა გახარიას გუნდის მხრიდან არის ნამდვილად ალოგიკური, არარაციონალური და ღიმილისმომგვრელი, რადგან ინიციატორები არიან სწორედ ამ გუნდის წარმომადგენლები. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 20 ივნისის საქმეზე სახელმწიფომ სტრასბურგის სასამართლოში დაადასტურა, რომ ნამდვილად ჰქონდა ადგილი პარლამენტის შტურმს და ასეთ დროს სახელმწიფოს აქვს ლეგიტიმური უფლება, თავი დაიცვას. თუმცა, იმის გამო, რომ მაშინ შს მინისტრი გიორგი გახარია ხელმძღვანელობდა ამ აქციის შეწყვეტის ოპერაციას, ისე დაიგეგმა ეს ოპერაცია, რომ სახელმწიფოს დაუდგინდა დარღვევა, მრავალი დაზარალებული მივიღეთ და სახელმწიფოს მოუწია ევროპული სასამართლოს წინაშე ამ დარღვევების გამოსწორებაზე ზრუნვა," - განაცხადა ბექა ძამაშვილმა.

ბექა ძამაშვილის თქმით, გახარიას გუნდის მიერ მითითებული კანონმდებლობა ევროპულ სასამართლოში გასაჩივრებული არ არის და მათ განცხადებებს მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციის ხასიათი აქვს.

"შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ის კანონმდებლობა, რომელზეც უთითებს გახარიას გუნდი, ამ შემთხვევაში, არცერთი მათგანი არ არის გასაჩივრებული ევროპულ სასამართლოში, ან სახელმწიფომდე მოსული არ არის ეს საჩივრები. შესაბამისად, ამ ფონზე, როდესაც ევროპულ სასამართლოს მტკიცებულებებზე, ფაქტებზე და სამართალზე დაყრდნობით არ შეუფასებია, ეს არის პოლიტიკური სპეკულაცია; მით უმეტეს, იმ გუნდის მხრიდან, რომლის ხელმძღვანელის გამოისობითაც 20 ივნისის საქმეზე სახელმწიფოს დაუდგინდა მძიმე დარღვევა," - განაცხადა ბექა ძამაშვილმა.

დღის ამბები