11 ივნისი 2026,   23:07
ვრცლად
ტრანსნაციონალური დანაშაული და გათეთრებული კრიპტოვალუტა - სამი ქვეყნის საგამოძიებო უწყებებმა ორგანიზებული ჯგუფის წევრები ბათუმში დააკავეს

საქართველო, ამერიკის შეერთებული შტატები, პოლონეთი - სამი ქვეყნის საგამოძიებო უწყებების წარმომადგენლებმა ერთობლივად ჩატარებული სპეციალური ღონისძიების შედეგად, მორიგი ტრანსნაციონალური დანაშაული გამოავლინეს. კიბერთაღლითობის საქმე ქართველმა და უცხოელმა სამართალდამცველებმა გახსნეს და ორგანიზებული ჯგუფის 2 წევრი ქალაქ ბათუმში დააკავეს.

მობილური ტელეფონები, ლეპტოპები, პროცესორები და სხვა ელექტრონული მოწყობილობები ძალოვანი უწყების წარმომადგენლებმა ნივთმტკიცების სახით უკვე ამოიღეს. ყადაღა დაედო ბრალდებულების უძრავ ქონებებს, საბანკო ანგარიშებსა და 173 ძვირადღირებულ ავტომანქანას, რომლებსაც დაკავებულები სავარაუდოდ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის იყენებდნენ. დიდი ოდენობით თანხას კი ორგანიზებულ ჯგუფ Audi A6-ის წევრები, გამოძიების ინფორმაციით, კრიპტოვალუტის გათეთრებაში იღებდნენ.

4 წლიანი უკანონო საქმიანობა და ასეულობით მილიონი დოლარის ღირებულების გათეთრებული კრიპტოვალუტა - ეს მხოლოდ ნაწილია ორგანიზებული ჯგუფის წევრების დანაშაულებრივი ქმედებისა. სამი ქვეყნის ერთობლივი მუშაობით დადგინდა ისიც, რომ Audi A6-ის წევრები სპეციალური ვებგვერდის გამოყენებით, მსოფლიოს მასშტაბით კიბერკრიმინალებს ერთმანეთთან აკავშირებდნენ. მასშტაბურ გამოძიებაზე განცხადება დღეს ევროჯასტმა გაავრცელა.

საქართველოს საგამოძიებო უწყებები, ამერიკის შეერთებული შტატების საიდუმლო სამსახური, პოლონეთის რესპუბლიკის კიბერდანაშაულთან ბრძოლის ცენტრალური ბიურო და ლოძის საოლქო პროკურატურა - გლობალური მასშტაბის სისხლის სამართლის დანაშაულზე გამოძიება და თანამშრომლობა ქვეყნებს შორის ისევ გრძელდება. ერთობლივ ბრიფინგზე ამერიკელმა და პოლონელმა სამართალდამცველებმა ქართველ კოლეგებს მჭიდრო და ეფექტიანი თანამშრომლობისთვის დღეს მადლობა გადაუხადეს.

ქართულ მხარეს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთობლივი საგამოძიებო მოქმედების კარგი გამოცდილება აქვს. რამდენიმე დღის წინ საქართველოს პროკურატურამ, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების სამსახურთან ერთად ორი დანაშაულებრივი ჯგუფი გამოავლინა. გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულებრივი ქსელის წევრები საქართველოს მოქალაქეებს ყალბი დოკუმენტებისა და ყალბი ისტორიების გამოყენებით, შტატებში თავშესაფრის მოძიებასა და ვიზების მიღებაში ეხმარებოდნენ.

საერთაშორისო მასშტაბის რეზონანსულ საქმეებზე საგამოძიებო მოქმედებები სხვადასხვა ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებთან ერთად ისევ გრძელდება. ამ დროისთვის ბრალის წარდგენას კიბერდანაშაულში მხილებული უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე ელოდება.

ავტორი: ნანა გოგატაძე. 

დღის ამბები