11 ივნისი 2026,   15:52
ვრცლად
ორკესტრირებული თავდასხმა მიდიოდა "ახალის" ლიდერებზე, განსაკუთრებით ნიკა მელიაზე და ნიკა გვარამიაზე - თენგიზ თევზაძე

"ნაციონალების" და ყოფილი "ნაციონალების" ალიანსის დაშლის ფონზე, დაიშლება თუ არა "ნაციონალური მოძრაობაც" - არ არის გამორიცხული პარტია მისმა არაერთმა წევრმა დატოვოს.

მიხეილ სააკაშვილის განცხადების შემდეგ, რომელმაც პარტიაში რადიკალური ცვლილებები დააანონსა, დღეს ანა წითლიძემ განაცხადა, რომ პარტიის წევრებს უფლებამოსილება ეწურებათ, შესაბამისად, ვინ დარჩება გუნდში, ივნისის ბოლოს დაგეგმილ ყრილობაზე გაირკვევა.

ოპოზიციური ალიანსის დაპირისპირებას და "ნაციონალურ მოძრაობაში" დაანონსებულ რეფორმებს ეხმიანებიან სხვა ოპოზიციურ პარტიებში.

"კოალიცია ცვლილებისთვის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის, თენგიზ თევზაძის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" შიდა გადაადგილება თავად ამ პარტიის გადასაწყვეტია, თუმცა მისი თქმით, თუ ეს პარტია ალიანსში დარჩენას გადაწყვეტს, მათ მეტად გააქტიურებას ისურვებდა.

"იძულებით და ხელის გადაგრეხით ალიანსში არავის ვტოვებთ. ალიანსის წესებზე შეთანხმდნენ ის პარტიები, რომლებიც ამ წესებს დაიცავენ და აქტიურად იქნებიან პროცესში ჩართულნი, მათი გადასაწყვეტია რა გადაწყვეტილებას მიიღებენ.

არანაირი ურთიერთგარჩევა "ახალის" მხრიდან არ ყოფილა. ორკესტრირებული თავდასხმა მიდიოდა "ახალზე", "ახალის" ლიდერებზე, განსაკუთრებით ნიკა მელიაზე და ნიკა გვარამიაზე.

არ მაინტერესებს "ნაციონალურ მოძრაობაში" რა სახის გადაადგილება იქნება შიგნით, ეს მათი შიდა საკითხებია. ჩემი ერთადერთი ინტერესია, რომ ისინი, თუ დარჩებიან ალიანსში, გახდნენ უფრო ქმედითები.

იმის იქით ვინ იქნება პარტიის თავმჯდომარე, რეგიონული მდივანი, საგარეო მდივანი, ნაკლებად მაინტერესებს. "ნაციონალურ მოძრაობაში" პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღები ბირთვი მაინც არ იცვლება", - განაცხადა თენგიზ თევზაძემ.

დღის ამბები