11 ივნისი 2026,   01:23
ვრცლად
იუსტიციის მინისტრმა მცხეთის იუსტიციის სახლის მშენებლობა დაათვალიერა

იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ, მოადგილე ლანა მორგოშიასთან და იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანიასთან ერთად, მცხეთის მშენებარე იუსტიციის სახლი დაათვალიერა და ადგილზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო.

თანამედროვე სტანდარტებისა და არქიტექტურის შენობის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება. ახალი, სრულად ადაპტირებული და მაღალი სტანდარტების იუსტიციის სახლი მცხეთის მოსახლეობას სახელმწიფო და კერძო სექტორის 500-ზე მეტ სერვისს ერთ სივრცეში შესთავაზებს, რაც მომსახურების მიღების პროცესს კიდევ უფრო სწრაფსა და კომფორტულს გახდის.

მცხეთის იუსტიციის სახლში მოეწყობა ქორწინების სივრცე, ასევე იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ-ების სამუშაო სივრცეები, რაც მოქალაქეებს სხვადასხვა სერვისის მიღების შესაძლებლობას ერთ მისამართზე მისცემს.

ახალი ფილიალი წლიურად 70 000 -ზე მეტ მოქალაქეს მოემსახურება, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სერვისებზე ხელმისაწვდომობასა და მომსახურების ხარისხს.

მცხეთის იუსტიციის სახლი მცხეთა-მთიანეთის რეგიონში რიგით მეექვსე, ხოლო საქართველოს მასშტაბით 128-ე ფილიალი იქნება. რეგიონის მასშტაბით უკვე ფუნქციონირებს იუსტიციის სახლები ყაზბეგში, დუშეთში, მუხრანში, ფასანაურსა და თიანეთში.

მცხეთის იუსტიციის სახლში ადგილობრივი კადრები დასაქმდებიან, რაც ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და მუნიციპალიტეტის ეკონომიკური აქტივობის ზრდას შეუწყობს ხელს.

ამჟამად ქვეყნის მასშტაბით კიდევ სამი იუსტიციის სახლი შენდება. იუსტიციის სამინისტროს მიზანია, თანამედროვე, ხარისხიანი და მოქალაქეზე ორიენტირებული სახელმწიფო სერვისები საქართველოს ყველა რეგიონში თანაბრად ხელმისაწვდომი იყოს.

დღის ამბები