08 ივნისი 2026,   00:02
ვრცლად
თუ ადამიანი ინათლება რწმენით, სინანულით, ნათლობის შემდეგ გრძნობს ხოლმე ენით გამოუთქმელ არამიწიერ ნეტარებას, სწორედ ამას ნიშნავს "ქრისტეს შემოსვა" - კათოლიკოს-პატრიარქი შიო III

სამების საკათედრო ტაძარში საყოველთაო ნათლობის 73-ე ეტაპი გაიმართა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი შიო III-ის ნათლული 620 ბავშვი გახდა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ საყოველთაო ნათლობის შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა და წმინდანთა ხსენების დღე მიულოცა.

პატრიარქმა, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მიერ დაწესებული საყოველთაო ნათლობების ტრადიციის გაგრძელებაზე, ნათლობის საიდუმლოსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა. ქადაგებისას პატრიარქმა აღნიშნა, რომ ნათლისღების მადლის შესანარჩუნებლად ადამიანმა ღვთის მცნებების შესრულებით, სინანულითა და ვედრებით უნდა იცხოვროს.

"სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა! ჩვენთან არს ღმერთი!

ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ ყოველთა წმინდანთა ხსენებას!
ეს დღესასწაული დაემთხვა ამ ჩვენს დიდებულ მოვლენას – დღევანდელ საყოველთაო ნათლობას. განსაკუთრებით გილოცავთ ამ დღეს კიდევ ერთხელ, ჩვენი ბავშვების მონათვლას, თქვენი შვილების, თქვენი ნათლულების და მადლობას ვწირავ დღეს უფალს, რომ მოგვეცა შესაძლებლობა, გავაგრძელოთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მიერ დაწესებული საყოველთაო ნათლობები, რომელთაც ამდენი სიხარული და სიკეთე მოჰგვარა ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს.

დღეს ვფიქრობთ ნათლობის მნიშვნელობაზე, ამ საიდუმლოებაზე, რომელიც ტარდება ჩვენს ეკლესიაში. შეგახსენებთ, რომ ერთხელ უფალი იესო ქრისტე ესაუბრა ნათლობის მნიშვნელობაზე თავის საიდუმლო მოწაფე ნიკოდიმოსს და უთხრა, რომ თუ ადამიანი არ იშვება წყლისა და სულისგან, ის ვერ შევა ღვთის სასუფეველში.
მაშასადამე, ნათლობა ყოფილა აუცილებელი პირობა იმისა, რომ ადამიანი ეკლესიის წევრი გახდეს და ღვთის სასუფეველში შევიდეს.

რა ხდება ამ დიდი საიდუმლოების დროს? სულიწმინდის მადლით ადამიანის სული უხილავად განიბანება და განიწმინდება. როდესაც ის ემბაზში ჩადის, კვდება ცოდვილი კაცი, ძველი კაცი, ხოლო როდესაც ემბაზიდან გამოდის, ეს არის უკვე ახალი ადამიანი, შობილი ღვთივსათნო ცხოვრებისთვის, განწმენდილი, განბანილი, შობილი ქრისტესგან. როგორც ხორციელად ყველანი ადამისგან ვართ დაბადებულნი, ასევე ნათლობის დროს იესო ქრისტესგან იბადება ადამიანი სულიერად, საიდუმლოდ; მიეტევება ადამიანს ყველანაირი ცოდვა, პირველქმნილი ცოდვაც და პირადი ცოდვებიც და მის სულში თვით უფალი შემოდის.

დღეს ალბათ მოისმინეთ საგალობელი: „რაოდენთა ქრისტეს მიერ ნათელ გვიღებიეს, ქრისტე შეგვიმოსიეს“. „ქრისტეს შემოსვა“,
ძვირფასო ძმებო და დებო, სწორედ ამას ნიშნავს, რომ უფალი შემოდის ადამიანის სულში. ძალიან ბევრი ყოფილა შემთხვევა, რომ თუ ადამიანი ინათლება რწმენით, სინანულით, ნათლობის შემდეგ გრძნობს ხოლმე ენით გამოუთქმელ არამიწიერ ნეტარებას. სწორედ ამას ნიშნავს „ქრისტეს შემოსვა“.

მაგრამ ნათლობის შემდეგ თუ ადამიანი არ იცხოვრებს ქრისტიანულად, თუ ყოველგვარი ცოდვებით შეურაცხყოფს უფალს და სინანულით არ განწმენდს თავის სულს, მაშინ ის შეიძლება გახდეს მოუნათლავზე უარესი. როგორც ამბობს წმინდა პავლე მოციქული: „თქვენ გამო ღმერთი იგმობა წარმართთა შორის“ იმიტომ, რომ წარმართებზე უარესად ცხოვრობთ.
იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ეს მადლი ნათლისღებისა, უნდა ვიცხოვროთ ისე, როგორც მიგვითითებს ღმერთი, როგორც ის გვთხოვს და არა ისე, როგორც გვეუბნება ჩვენი დაცემული, ყალბი გონება და ცოდვებით დაზიანებული გული. რას გვეუბნება ეს დაცემული გონება? – „იცხოვრე ისე, როგორც შენ გინდა, როგორც შენ იცი და არა ისე, როგორც ღმერთი გთხოვს“. ღმერთს კი რა სურს ჩვენგან? – რომ სასუფეველში შეგვიყვანოს. ამიტომ უფალი გვთხოვს, ვიცხოვროთ ისე, როგორც მან მიგვითითა, როგორც მან გვასწავლა. ეს არის ღვთის მცნებების შესწავლა, მცნებების შესრულება, სინანული და ვედრება უფლისადმი, რომ გვაცხონოს, გადაგვარჩინოს, როგორც ინებებს იგი. ეს იქნება კეთილდღეობით, თუ დაუშვებს ჩვენზე განსაცდელებს, თუ სნეულებას, თუ როგორც მისი წმინდა ნება იქნება, ოღონდ გვაცხონოს და არ დაგვაკლოს ღვთის სასუფეველს, რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, უკუნითი უკუნისამდე, ამინ!" - აღნიშნა კათოლიკოს-პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში.

დღის ამბები