თბილისის მერიამ სიონის ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. პროექტის მიზანი ტაძრისა და სამრეკლოს გადახურვის განახლებაა, რაც ფრესკებისა და კედლების დაზიანების პრევენციას მოემსახურება.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის აღდგენით სამუშაოებს თბილისის განვითარების ფონდი ახორციელებს. მილიონ 220 000 ლარის ღირებულების პროექტი ოქტომბრის ბოლოს დასრულდება. სამუშაოებს დღეს დედაქალაქის მერი გაეცნო.
სიონის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურის, დეკანოზ გიორგი სანამაშვილის განცხადებით, პროექტი, რომელიც უშუალოდ თბილისის მერის, კახა კალაძის გადაწყვეტილებით ხორციელდება, უაღრესად დიდი მნიშვნელობის მქონეა, ვინაიდან თბილისის სიონის უძველეს საპატრიარქო ტაძარს, ისტორიული მნიშვნელობა აქვს:
"პროექტი, რომელიც ხორციელდება უშუალოდ თბილისის მერის, ბატონი კახი კალაძის გადაწყვეტილებით, უაღრესად მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, თუ რა ისტორიული მნიშვნელობა აქვს თბილისის სიონის უძველეს საპატრიარქო ტაძარს. ხდება ტაძრის გადახურვა. ჩვენი, ეკლესიისა და საზოგადოების მხრიდან, უაღრესად დიდ მადლიერებას იმსახურებს. ღმერთმა დალოცოს ამ პროექტის ავტორი და ყველა, ვინც ამ უმნიშვნელოვანეს სამუშაოს შეასრულებს,"- განაცხადა სიონის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურმა, დეკანოზმა გიორგი სანამაშვილმა.