პარტია "ახალის" ლიდერი ნიკა გვარამია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სტრატეგიას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ პარტიას მიხეილ სააკაშვილის ფაქტორის ექსპლოატაციის გარდა სხვა რესურსი დიდი ხანია აღარ გააჩნია. მისი თქმით, ენმ-ში გუნდურობისა და მკაფიოობის დეფიციტია.
ამასთან, ნიკა გვარამია "ნაციონალურ მოძრაობას“ მძიმე შეცდომების დაშვებაში ადანაშაულებს. "ახალის" ლიდერის განცხადებით, პარტიის არასწორმა მოლოდინებმა მიხეილ სააკაშვილი უსასრულო პატიმრობისთვის გაწირა.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსში გვარამია ნანუკა ჟორჟოლიანსაც მიმართავს და კატეგორიულად უარყოფს მოსაზრებას, თითქოს მისი პლატფორმა მიხეილ სააკაშვილის ფაქტორს იყენებდა:
"4იანი არც ნიშნავდა და არც ნიშნავს მიშა სააკაშვილს. Nanuka Zhorzholiani ცდები თუ ეგრე გგონია ან ვინმე თუ გარწმუნებს, გატყუებს ან შეცდომაში შეყავხარ.
თავს ნუ მოიტყუებთ მეგობრებო: არ ყოფილა ეგრე და ძალიან ღიად და ხისტად ითქვა ეს ძალიან ბევრჯერ. არც სააკაშვილის სახელი გამოუყენებია 4იანს არჩევნებზე და დამარცხებული ნაცი რეგიონალების ჭორაობის გარდა, არც ერთი ამის რეალური მაგალითი არსად ყოფილა წარმოდგენილი.
დამარცხებული ნაცმოძრაობის და მისი დამფინანსებლების გაპრავება, თუ "რატომ ვერ შეძლეს", ტყუილიცაა და დღემდე სასაცილოდ და უსუსურად გამოიყურება. ყოველ ჯერზე ასე იქნება, ვიდრე ნაცმოძრაობა ვერ გაიგებს, რო მარტო მიშა არაა საკმარისი არათუ არჩევნების მოსაგებად, არამედ ოპოზიციაში ყველაზე წინ გასასვლელადაც კი. რაც მეტი დრო გავა, კიდევ უფრო მეტად ასე იქნება. იმიტომ კი არა, რომ მიშაა სუსტი (არა, მე პირიქით მგონია ახლაც და მანამდეც ასე მეგონა), არამედ იმიტომ, რომ არც მუშაობა, არც გუნდურობა, არც მკაფიოობა, არც თანმიმდევრულობა ამ პარტიას დიდი ხანია აღარ აქვს და მარტო მიშა ჰგონიათ საკმარისი და ამის ხარჯზე ყველაფერი გონიათ მიღწევადი. არადა, დიდი ხანია ასე აღარაა და კიდევ უფრო მეტად გამორიცხულია, რომ ოდესმე უკვე ასე იყოს.
სააკაშვილის ფაქტორის ექსპლოატაციის გარდა, დიდი ხანია ნაცმოძრაობამ არაფერი არც იცის, არც გაუკეთებია და არც შეუძლია.
რეალურ პრობლემებზე მიუთითეთ, ჯობია, ამ პარტიასაც და მიშასაც, იმის ნაცვლად, რომ "რა თქმა უნდა ასეა და საკმარისია" იძახოთ და ატყუოთ. ატყუოთ და კიდევ უფრო შეამციროთ მათი შანსები და ისეთი უმძიმესი შეცდომები დააშვებინოთ, როგორც მიშას აქ ჩამოსვლა იყო და უსასრულო ციხისთვის გაწირვა." - წერს ნიკა გვარამია.