ინტელექტუალური ომი პარტიულ ბანაკებში, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ღია გზავნილის გამო წამოიწყეს. ამერიკის საელჩო, ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად წერს, რომ ფუნქციონალური დემოკრატია საჭიროებს ოპოზიციას, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტებთან ურთიერთობს. ოფიციალური ვაშინგტონის ამ შენიშვნის ინტერპრეტირების გამო, "ლელო" "ახლებს" კონსპირაციის თეორიების შექმნაში ადანაშაულებს, მთავარი სამიზნე კი ნიკა გვარამიაა, რომელსაც შტატების გზავნილი დღეს კიდევ ერთხელ უთარგმნეს.
ავტორი კითხვებს არ პასუხობს, მხოლოდ წერს, რომ "ლელოს", უფრო კონკრეტულად- გრიგოლ გეგელიას შტატების გზავნილების გააზრების პრობლემა აქვს. ან შესაძლოა ენის ბარიერიც. ეს საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ, თუმცა საპირისპირო მიმართულებით, გვარამიას მთავარმა ადრესატმაც დააყენა.
რამ განაპირობა ხაზარაძის პარტიის რიტორიკის ცვლილება? პრემიერ მინისტრის განცხადებით მიზეზი, ახალი ადმინისტრაცია და მისი პოლიტიკური გზავნილებია. ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ ირაკლი კობახიძემ ისიც თქვა, რომ უცხოური ინსტრუქციებით, მანდატებზე ნათქვამი უარის გამო, "ლელომაც" ისეთივე პოლიტიკური დანაშაული ჩაიდინა, როგორც დანარჩენმა ოპოზიციამ.
ეს პასუხისმგებლობა ეკისრება პარლამენტში დაგვიანებით შესულ ოპოზიციასაც. პარტიაში, რომელიც საკანონმდებლო პროცესში 1 წლის შემდეგ ჩაერთო, აღიარებენ, რომ დიდი პოლიტიკური შეცდომა დაუშვეს.
პარლამენტს მიღმა დარჩენის გამო, პასუხისმგებლობას არ იღებენ, თუმცა ერთმანეთს აკისრებენ ყოფილი და მოქმედი "ნაციონალები". პრობლემა მხოლოდ ვაშინგტონის პირველი დიპლომატის წარმომადგენლობის მკაცრი ტონი არ არის. პრობლემაა ისიც, რომ ერთი ქოლგის ქვეშ გაერთიანებული ოპოზიცია ერთ ხმაში ვერ საუბრობს. ოქრუაშვილ-მელიასთან ერთად, პოლიტიკურ ჭაობში მოაზრების გამო, ბოკერიამ- სააკაშვილი ოპოზიციის არასტაბილურობის შექმნაში დაადანაშაულა.
პოლიტიკის ანბანი, რომელიც თანმიმდევრულ პოლიტიკურ ნაბიჯებს გულისხმობს-ოპონენტებს დღეს მმართველი გუნდიდან შეახსენეს. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ კონსტიტუციური ჩარჩოდან გასული პარტიებისთვის, რომელთაც წარსულის მძიმე დანაშაულების ლაქაც აქვთ, პოლიტიკური რეპუტაციის აღდგენა შეუძლებელი იქნება.
თბილისი და ვაშინგტონი თანამშრომლობის გაღრმავებაზე უკვე აქტიურად საუბრობენ. ეს აჩვენა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტმაც დედაქალაქში. შტატები ადასტურებს, რომ საქართველოს და ამერიკას საერთო ერთგულება აქვთ ეროვნული სუვერენიტეტისადმი. ორმხრივი ურთიერთობის პოტენციალის სრულად ამოქმედებისა და პარტნიორობისთვის ხელშესახები შედეგის მისაღწევად კი საჭიროა კონსტრუქციული ნაბიჯები და პოლიტიკური პროცესი.