სამართალდამცველებმა ეს ე.წ კრიპტომაინერები, მესტიის მუნიციპალიტეტიდან ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. უკანონო ბიზნეს საქმიანობის წინააღმდეგ დაანონსებული ბრძოლიდან ზუსტად 4 დღეში, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ენერგორესურსით სარგებლობის წესების დარღვევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
ძალოვანი უწყების წარმომადგენლებმა საგამოძიებო მოქმედებები პირველ ეტაპზე 6 სხვადასხვა ადგილას ჩაატარეს, შედეგად კი კრიპტოვალუტის მწარმოებელი 148 ცალი სპეციალური მოწყობილობა აღმოაჩინეს.
მესტიის მუნიციპალიტეტში უკანონო კრიპტომაინინგის პრევენციის მიზნით, მთავრობის გადაწყვეტილებით გამრიცხველიანების პროცესი დაიწყება. ადგილობრივებისთვის ელექტროენერგია კვლავ უფასო იქნება, თუმცა დაწესდება გონივრული ლიმიტი. ლიმიტის გადაჭარბების შემდეგ კი მომხმარებელს გადასახადის გადახდა მოუწევს. მესტიაში მცხოვრები ადამიანები უკანონო კრიპტომაინინგით გამოწვეულ პრობლემებზე საუბრობენ.
უსასყიდლოდ მიწოდებული ენერგიის არამიზნობრივად ხარჯვა, არალეგალური შემოსავლების მიღება, გადატვირთული ელექტროხაზები და მუდმივი შეფერხებები მიწოდების პროცესში - უკანონო ბიზნეს საქმიანობით გამოწვეულ პრობლემებზე პირველად და ღიად სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ისაუბრა. მამუკა მდინარაძემ განმარტა, რომ მხოლოდ 2025 წელს მუნიციპალიტეტის მიერ ელექტროენერგიის მოხმარებამ 133 მილიონი კილოვატსაათი შეადგინა, რაც ჯამში 15 ქალაქის წლიურ საჭიროებას აღემატება.
გამრიცხველიანების აუცილებლობაზე საუბრობენ სემეკში. ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიაში განმარტავენ, რომ მესტიაში საშუალოდ 7-8-ჯერ უფრო მეტი ელექტროენერგია იხარჯება, ვიდრე სხვა მუნიციპალიტეტებში, მიზეზი კი უკანონო კრიპტომაინინგია.
მთავრობის გადაწყვეტილებასა და უკანონო ბიზნეს საქმიანობით გამოწვეულ პრობლემებზე დღეს კომენტარი პრემიერ მინისტრმა გააკეთა. ირაკლი კობახიძის თქმით, მას შემდეგ რაც ელექტროენერგიის უკანონოდ მოხმარების საკითხი დარეგულირდება, სახელმწიფო დაახლოებით 20 მილიონს დაზოგავს.
უკანონო კრიპტომაინიგის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 229-ე მუხლით უკვე დაიწყო, საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება.
ავტორი: ნანა გოგატაძე.