17 წელი და 129 მატჩი - საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი გურამ კაშია ნაკრებს დაემშვიდობა.
საქართველოს ღირსებას კაშია 2009 წლიდან იცავდა. კაპიტნობას კი გუნდს 2021 წლიდან უწევდა.
ნაკრების რეკორდსმენს სამახსოვრო ჯილდო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა გადასცა.
გამოცდილება, ავტორიტეტი და ლიდერული თვისებები - ეს ის მემკვიდრეობაა, რომელიც კაპიტანმა ეროვნულ გუნდს დაუტოვა. კაშიასთან გამომშვიდობება მარტივი არც ნაკრების წევრებისთვის აღმოჩნდა.
დანაკლისი იქნება კაშიას წასვლა ვილი სანიოლისთვისაც. როგორც ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თქვა, ბოლო წლებში კაშიას მსგავსი მცველის პოვნა რთული იყო.
გურამ კაშიასთვის საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან ჩატარებული ბოლო მატჩი რუმინეთთან იყო. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩატარებული შეხვედრა ფრედ - 1:1 დასრულდა.
"წლების განმავლობაში ის იყო არა მხოლოდ გუნდის ლიდერი მოედანზე, არამედ ღირსების, პროფესიონალიზმისა და თავდადების მაგალითი, რამაც არაერთი თაობის გულში დატოვა წარუშლელი კვალი" - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი გურამ კაშიას ეროვნული ნაკრებიდან წასვლას, რომელიც მატჩს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, თბილისის მერთან და მთავრობის წევრებთან ერთად დაესწრო.
საქართველოს ეროვნული ნაკრები ივნისის სანაკრებო პაუზის მეორე შეხვედრას ბაჰრეინის წინააღმდეგ გამართავს. 5 ივნისიდან ეროვნული ნაკრების გუნდის კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელია იქნება.
ავტორი: თიკო ლობჯანიძე.