სავიზო თაღლითობისა და ყალბი ისტორიების შექმნისთვის დაკავებულებს ბრალი წარუდგინეს. საქმე ეხება შეერთებულ შტატებში თავშესაფრის უკანონოდ მიღების სქემას.
წინასწარი დაკავების იზოლატორში მოთავსებულთა ნაწილი დანაშაულს აღიარებს, ნაწილის პოზიცია კი სასამართლო სხდომაზე გახდება ცნობილი.
ორი ქვეყნის საგამოძიებო უწყებების ერთობლივი მუშაობის შედეგად, დაკავებულია სულ 3 პირი, დევნა კი 6-ის მიმართ დაიწყო. ბრალდებულებს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
საქმის პროკურორის ლაშა გამყრელიძის განცხადებით, ხდებოდა ე.წ. თავშესაფრის მიღებისთვის საჭირო ქეისების შექმნა ისე, რომ არ არსებობდა არავითარი დოკუმენტი, რომ აღნიშნული პირები გარკვეული კუთხით იდევნებოდნენ.
"ასეულობით მოქალაქეა ამ ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფთან კომუნიკაციაში გამოვლენილი, რომლებიც დაზარალებულები არიან კონკრეტული დანაშაულებრივი ჯგუფის მხრიდან. ყალბი, გამოგონილი ისტორიების საფუძველზე ხდებოდა ე.წ. თავშესაფრის მიღებისთვის საჭირო ქეისების შექმნა ისე, რომ არ არსებობდა არავითარი დოკუმენტი, ცნობა იმასთან დაკავშირებით, რომ ეს პირები გარკვეული კუთხით იდევნებოდნენ, მათი პოლიტიკური თუ სექსუალური ორიენტაციისთვის თუ სხვა ნიშნით, ამ ქვეყანაში.
აღნიშნულ პირები თანამშრომლობენ გამოძიებასთან, აწვდიან მათთვის ცნობილი სისხლის სამართლის საქმის მნიშვნელოვან გარემოებასთან დაკავშირებით ინფორმაციას", - განაცხადა ლაშა გამყრელიძემ.