გერმანიის ელჩის მიმართ მმართველი გუნდის შეფასებას, რომელიც პეტერ ფიშერის განცხადებებს აკრიტიკებს, ოპოზიციაში ეხმაურებიან.
"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, გიორგი კაპანაძე ამბობს, რომ "ქართულმა ოცნებამ" ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქართულ-გერმანული ურთიერთობები დაეზიანებინა.
"ოცნებამ" გააკეთა ყველაფერი იმისთვის, რომ ქართულ-გერმანული ურთიერთობებისთვის ძირი გამოეთხარა, დაეზიანებინა იმ ნიშნულამდე, რომ უცხოელი დიპლომატები, მათ შორის გერმანიის ელჩები საქართველოში, საუბრობენ და აკეთებენ ამ განცხადებებს", - აცხადებს გიორგი კაპანაძე.
"ქართულ ოცნებაში" პეტერ ფიშერის განცხადებას არასერიოზული და სამწუხაროც უწოდეს.
გერმანელმა დიპლომატმა, რომელიც საქართველოში 4-წლიან მუშაობას ასრულებს, ერთ-ერთ ინტერვიუში ამჯერად საქართველოსა და მის მეზობელ სახელმწიფოებს შორის არსებულ ურთიერთობებზე ისაუბრა - ელჩმა ქართველების ევროპული არჩევანი რეგიონულ კონტექსტს დაუკავშირა და აღნიშნა, რომ მხოლოდ მეზობელ ქვეყნებთან ერთად ყოფნა შესაძლოა არასაკმარისი იყოს.