საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს და მიესალმება საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ ჩატარებულ სპეცოპერაციას, რომლის შედეგადაც რამდენიმე პირი დააკავეს.
საელჩოს განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ეს წარმატებული ოპერაცია ამერიკისა და საქართველოს სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული მჭიდრო კავშირის შედეგია:
"მივესალმებით საქართველოს გენერალური პროკურატურის დღევანდელ განცხადებას რამდენიმე პირის დაკავების შესახებ, რომლებსაც ბრალად ედებათ საქართველოს მოქალაქეების თაღლითურად მოტყუება ამერიკის შეერთებულ შტატებში უკანონო შესვლასა და დოკუმენტების გაყალბებასთან დაკავშირებით.
ეს არის ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის სამართალდამცავ სფეროში მრავალთვიანი მჭიდრო თანამშრომლობის შედეგი. მადლობას ვუხდით გენერალურ პროკურატურასა და საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების იმ თანამშრომლებს, რომლებიც ჩართულნი იყვნენ გამოძიებასა და ამ ოპერაციაში,"- აღნიშნულია საელჩოს ოფიციალურ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ აშშ-ში მოქალაქეების უკანონოდ გადაყვანის თაღლითური სქემა გახსნა, რასაც საგამოძიებო უწყების მხრიდან შესაბამისი პირების დაკავება მოჰყვა.