06 აგვისტო 2026,   11:09
ვრცლად
სად გადის ზღვარი დიპლომატიურ შეფასებასა და შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩარევას შორის - პეტერ ფიშერის მორიგი განცხადება მმართველ გუნდში ქსენოფობიურად შეფასდა

სად გადის ზღვარი დიპლომატიურ შეფასებასა და შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩარევას შორის - ეს კითხვა პეტერ ფიშერის მორიგი განცხადების შემდეგ ისევ გაჩნდა. გერმანიის ელჩმა ამჯერად საქართველოსა და მის მეზობელ სახელმწიფოებს შორის არსებულ ურთიერთობებზე ისაუბრა.

ფიშერის განცხადება მმართველ გუნდში უკვე შეფასდა ქსენოფობიურად. პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, გერმანელ დიპლომატს მიაჩნია, რომ ქართველი მეორე იდენტობასაც უნდა ფლობდეს.

გერმანიის ელჩისა და მთავრობის ქმედებების შეფასება ოპოზიციის ნაწილს არ სურს. ნაწილი კი მიზეზს ბერლინის ნაცვლად თბილისში ეძებს.

პრემიერ-მინისტრისთვის გერმანელი დიპლომატის არადიპლომატიურმა ნაბიჯებმა და განცხადებებმა არასერიოზული ხასიათი მიიღო, რაც მთავრობის მეთაურის შეფასებით, სამწუხარო და დასანანია.

გერმანიის ელჩისა და ხელისუფლების ქმედებები მოწონებას არც თავად ბერლინში იმსახურებს. პარტიამ "ალტერნატივა გერმანიისთვის" ფედერალურ მთავრობას პეტერ ფიშერთან დაკავშირებით კითხვებით არაერთხელ მიმართა - გერმანიაში ყველაზე რეიტინგულ პარტიას აინტერესებს, იქირავა თუ არა ელჩმა ქართველი ოპოზიციონერისგან, მამუკა ხაზარაძისგან ძვირადღირებული ქონება, ასევე რა მიზნით მართავს შეხვედრებს ფიშერი ხელისუფლების ოპონენტებთან. ამ და კიდევ არაერთ კითხვაზე პარტიას მთავრობისგან პასუხი ისევე არ მიუღია, როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ტელეკომპანია "რუსთავი 2-ს". "კურიერმა" გერმანიის საგარეო უწყებასა და გერმანიის საელჩოს საქართველოში ჰკითხა, რას ემსახურება ოფიციალური ბერლინის ქმედება, როცა საქართველოს ელჩის რწმუნებათა სიგელს მე-8 თვეა არ იბარებს.

გერმანიის ხელისუფლების მხრიდან საქართველოს მიმართ უსამართლო დამოკიდებულებაზე საუბრობს მმართველი გუნდიც. პიტერ ფიშერის განცხადებებსა და გადადგმულ ნაბიჯებს კი, "ქართულ ოცნებაში" პოლიტიკურ დემარშად აფასებენ.

შეცვლის თუ არა გერმანიის მთავრობა საქართველოს მიმართ პოზიციას, ეს ჯერ ისევე უცნობია, როგორც ვინ იქნება გერმანიის ახალი ელჩი საქართველოში - პეტერ ფიშერი დიპლომატიურ მისიას რამდენიმე კვირაში ასრულებს.

 

დღის ამბები