ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი ოფიციალურად გაიხსნა. ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ახალი სარკინიგზო მარშრუტი სრულ ექსპლუატაციაში შევიდა.
საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის ერთობლივი სტრატეგიული პროექტის ფარგლებში, რეკონსტრუქცია ჩაუტარდა არსებულ ინფრასტრუქტურას და აშენდა სრულიად ახალი, ევროპული სტანდარტების ხაზი.
მაგისტრალის ამოქმედებით სატვირთო გადაზიდვების წლიური გამტარუნარიანობა 5 მილიონ ტონამდე გაიზრდება, რაც მნიშვნელოვნად გააძლიერებს რეგიონის სატრანსპორტო შესაძლებლობებსა და ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალს.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ბაქო-თბილისი-ყარსის სრულფასოვანი ამოქმედება მნიშვნელოვანი მოვლენაა არა მხოლოდ საქართველოსთვის, თურქეთისა და აზერბაიჯანისთვის, არამედ რეგიონისთვის.
"ჩემთვის დიდი პატივია ეს ისტორიული დღე თქვენთან ერთად აღვნიშნო. ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის სრულფასოვანი ამოქმედება მნიშვნელოვანი მოვლენაა არა მხოლოდ საქართველოსთვის, თურქეთისა და აზერბაიჯანისთვის, არამედ სრულიად ჩვენი რეგიონისთვის. ეს პროექტი წარმოადგენს ჩვენი სახელმწიფოების სტრატეგიული პარტნიორობის, საერთო ძალისხმევისა და გრძელვადიანი სახელმწიფოებრივი ხედვის თვალსაჩინო მაგალითს.
განსაკუთრებით მოხარული ვარ, რომ დღევანდელ ღონისძიებას ესწრებიან ჩვენი პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები - ჩემი კოლეგები და მეგობრები, ტრანსპორტის მინისტრები, რომელთა პირად ჩართულობასაც გადამწყვეტი როლი აქვს შუა დერეფნის პოტენციალის სრულ რეალიზებასა და მის შემდგომ განვითარებაში.
პროექტის ფარგლებში, საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელდება მარაბდა-კარწახის 180 კილომეტრიანი სარკინიგზო მონაკვეთის რეაბილიტაცია და მშენებლობა, მათ შორის ახალი და რეაბილიტირებული ხიდები, თანამედროვე სტანდარტების სადგურები, წევის ქვესადგურები, საქართველო-თურქეთის დამაკავშირებელი სასაზღვრო-სარკინიგზო გვირაბი და ახალქალაქის საერთაშორისო სარკინიგზო სადგური, რომელიც ამ პროექტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კვანძია.
ბაქო-თბილის-ყარსი საქართველოს გრძელვადიანი სატრანსპორტო ხედვის განუყოფელი ნაწილია, ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურთან, აღმოსავლეთ-დასავლეთ მაგისტრალთან, რკინიგზის მოდერნიზაციასა და სხვა მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად, ეს ქმნის ახალ სატრანსპორტო არქიტექტურას, რომელიც აძლიერებს საქართველოს როლს, როგორც საიმედო პარტნიორის და ევროპასა და აზიას შორის სავაჭრო და სატრანსპორტო ნაკადების ერთ-ერთ მთავარ დამაკავშირებელ რგოლს", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.