სახელმწიფოს გადატრიალების მცდელობის საქმის ერთ-ერთ ეპიზოდზე დაკავებულ 7 პირს პროკურატურა საპროცესო შეთანხმებას უფორმებს. საქმის პროკურორის ლაშა ცქვიტარიას განმარტებით, აღნიშნულმა პირებმა დანაშაული აღიარეს, მოინანიეს, რის გამოც მათ საპროცესო შეთანხმება გაუფორმდებათ.
ალექსანდრე ხაბეიშვილი, ბექა ქელეხსაშვილი, გიორგი მუმლაძე, მამუკა ლაბუჩიძე, გურიელ ქარდავა, ავთანდილ სურმანიძე და თემურ ქურციკიძე - მათ პროკურატურა საპროცესო შეთანხმებას 3 წლიანი პირობითი მსჯავრით უფორმებს.
"სახელმწიფოს ბრალდებას განცხადებით მომართა 5-მა პირმა და ითხოვა საპროცესო შეთანხმების გაფორმება. აღნიშნული განცხადების მიხედვით, ხუთივე ბრალდებული აღიარებს და ინანიებს დანაშაულს და მსგავსი პოზიცია მათ დააფიქსირეს სასამართლო სხდომაზეც. გარდა ამისა, უშუალოდ პროცესის დაწყებამდე დამატებით კიდევ 2-მა ბრალდებულმა წარმოადგინა განცხადება საპროცესო შეთანხმების თაობაზე. ბრალად წარდგენილ ქმედებას აღიარებენ და ინანიებენ 12 ბრალდებულიდან 7 ბრალდებული.
სახელმწიფო ბრალდებამ გამოხატა მზაობა და თანხმობა მათთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე. შვიდივე ბრალდებულს გაუფორმდება საპროცესო შეთანხმება. მათ მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები ასახულია ვიდეომასალებში, შესაბამისად დადასტურებულია, რომ ხსენებული პირები მონაწილეობდნენ ძალადობრივ ქმედებებში. სასამართლოში ცალკე წარმოებად იხილება დამატებით კიდევ 3 სისხლის სამართლის საქმე. აღნიშნული საქმის ფარგლებშიც, რამდენიმე ბრალდებულს უკვე მომართული აქვს სახელმწიფო ბრალდებისთვის, სადაც ითხოვენ საპროცესო შეთანხმების გაფორმებას. მათი ნაწილი შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ დაკმაყოფილებულია", - აცხადებს პროკურორი ლაშა ცქვიტარია.