კამპანია ქველმოქმედების წინააღმდეგ - "ქართულ ოცნებაში" შეკვეთილში დაგეგმილი პროექტის შესახებ ოპოზიციის დეზინფორმაციულ განცხადებებზე საუბრობენ. "ფონდმა ქართუმ "ციცინათელას" პარკთან მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცა.
ამ ტერიტორიაზე Starring Georgia მალე საქართველოში ყველაზე დიდ დინო პარკს "დინოტოპიას" გახსნის. მიუხედავად იმისა, რომ პროექტის მიხედვით იქმნება თანამედროვე, შემეცნებით გასართობი სივრცე, ოპოზიცია ამ საქველმოქმედო პროექტის დაზიანებას სხვადასხვა სპეკულაციური მეთოდით ცდილობს.
აბსურდული ბრალდებები ქვეყნის ეკონომიკის და "ქართუ ფონდის" იმიჯის დაზიანებისთვის - ასეთია მმართველი გუნდის პასუხი.
საუბარია შეკვეთილის მიწის ნაკვეთზე, რომელიც "ქართუ ფონდმა" სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან შეთანხმების შესაბამისად, შეიძინა შპს "აკვა ცენტრისგან" და ის სრულიად უსასყიდლოდ გადასცა სახელმწიფოს, იმისთვის, რომ მოეწყოს ადგილზე რეკრეაციული სივრცე. თუმცა, ამის მიუხედავად, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები რამდენიმე კვირაა ამტკიცებენ, თითქოს ეს საეჭვო ტრანზაქციაა.
"ფონდმა "ქართუმ", ქველმოქმედებისთვის განკუთვნილი თანხებიდან, მილიონ 300 ათასი ლარით შეიძინა მიწის ნაკვეთი ივანიშვილის კუთვნილი კომპანიიდან, ანუ ეს არის თანხები, რომელიც წესით უნდა ხმარდებოდეს ქველმოქმედებას. მაგრამ, ამ შემთხვევაში აღმოჩნდა ივანიშვილის კომპანიის ანგარიშზე. რა საქველმოქმედო მიზანს შეიძლება უკავშირდებოდეს ამ მიწის ნაკვეთის შეძენა, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და ჩნდება ლოგიკური შეკითხვა, ხომ არ არის ეს უბრალოდ საქველმოქმედო ფონდიდან თანხების ჯიბეში გადატანა ივანიშვილის კომპანიის," - აცხადებდა "სამოქალაქო მონაწილეობის ცენტრის" ხელმძღვანელი, ირაკლი აბესაძე ერთ-ერთი ტელეკომაპნიის ეთერში.