18 ივნისი 2026,   07:23
ვრცლად
გერმანიაში სიღარიბის მაჩვენებელმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია: 13.3 მილიონი ადამიანი სიღარიბეში ცხოვრობს

გერმანიაში სიღარიბის მაჩვენებელმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და მოსახლეობის 16.1 პროცენტი შეადგინა - ნათქვამია ანგარიშში რომელსაც "კეთილდღეობის ასოციაცია" აქვეყნებს.

დოკუმენტის თანახმად, ქვეყანაში სიღარიბის ზღვარს მიღმა 13.3 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, კრიზისი კი განსაკუთრებით ხანდაზმულებს, მარტოხელებსა და დაბალი განათლების მქონე პირებს ეხება.

კვლევა მკვეთრ რეგიონულ დისბალანსზეც ამახვილებს ყურადღებას და აფრთხილებს საზოგადოებას, რომ ქვეყანაში არსებული ნეგატიური ტენდენციის გამო, ხანდაზმულობის ასაკი შესაძლოა „სიღარიბის ხაფანგად“ იქცეს, - წერს გერმანული მედია.

"კეთილდღეობის ასოციაციის (Paritätische Wohlfahrtsverband) ანგარიშის თანახმად, გერმანიაში სიღარიბემ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. ორგანიზაცია აფრთხილებს საზოგადოებას, რომ „ხანდაზმულობის ასაკი შესაძლოა სიღარიბის ხაფანგად იქცეს“.

კეთილდღეობის ასოციაციის ახალი ანგარიშის მიხედვით, გერმანიაში სიღარიბის დონემ ახალ რეკორდულ მაქსიმუმს მიაღწია. დოკუმენტის თანახმად, 2024 წლიდან 2025 წლამდე ეს მაჩვენებელი 0.6 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და მოსახლეობის 16.1 პროცენტი შეადგინა. „ქვეყანაში 13.3 მილიონი ადამიანი სიღარიბეში ცხოვრობს - თუ მხედველობაში მივიღებთ მხოლოდ ფარდობით შემოსავალს“, - აცხადებენ ასოციაციაში.

ფედერალურმა სტატისტიკურმა სამსახურმა ეს მონაცემები ჯერ კიდევ თებერვალში გამოაქვეყნა. ოფიციალურად, ევროკავშირის დეფინიციაზე დაყრდნობით, ეს ადამიანები სიღარიბის რისკის ქვეშ მყოფებად ითვლებიან.

ასოციაცია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს „სევდიანი რეკორდია“, რადგან წინა წლებში სიღარიბეს ასე მასშტაბურად იმდენი ადამიანი არასდროს შეუწუხებია, როგორც ახლა.

სტატისტიკოსების ენით - „სიღარიბის რისკის ქვეშ მყოფად“, ხოლო კეთილდღეობის ორგანიზაციების განმარტებით - „ღარიბად“ მიიჩნევა პირი, რომლის შემოსავალიც მედიანური შემოსავლის 60 პროცენტზე ნაკლებია.

მარტოხელა ადამიანისთვის ეს ზღვარი ახლახან თვეში 1,446 ევროდ განისაზღვრა, ხოლო ოჯახისთვის, რომელიც შედგება ორი ზრდასრულისა და 14 წლამდე ასაკის ორი ბავშვისგან - 3,036 ევროდ.

ყველაზე დაბალი მაჩვენებლები ბავარიასა და ბადენ-ვიურტემბერგშია

ასოციაცია აღნიშნავს, რომ 2020 წლიდან 2023 წლამდე შემცირების დინამიკის შემდეგ, ახლა „ნეგატიური ტენდენციის შემობრუნება“ ფიქსირდება. რეგიონებს შორის სხვაობა საკმაოდ დიდია. მაგალითად, ძლიერი ეკონომიკური სტრუქტურის მქონე ბავარიასა და ბადენ-ვიურტემბერგში სიღარიბის ყველაზე დაბალი მაჩვენებლებია - შესაბამისად, 12.6 და 13.2 პროცენტი.

რაც შეეხება ყველაზე მაღალ პროცენტულ მაჩვენებლებს, აქ ლიდერობენ: ბრემენი 27.5 პროცენტი, საქსონია-ანჰალტი 21.3 პროცენტი და ქალაქი-სახელმწიფოები - ჰამბურგი 18.9 პროცენტი და ბერლინი 18.7 პროცენტი.

დასავლეთ გერმანიაში განსაკუთრებით დაზარალებულ რეგიონებს შორისაა ტრირი 21.4 პროცენტი, ვეზერ-ემსი 20.8 პროცენტი და არნსბერგი 19.6 პროცენტი, ხოლო აღმოსავლეთ გერმანიაში ყველაზე მძიმე დარტყმა ქემნიცსა 18.2 პროცენტი და ლაიფციგზე 17.4 პროცენტი მოდის.

„ხანდაზმულობის ასაკი შესაძლოა სიღარიბის ხაფანგად იქცეს“, - წერს კეთილდღეობის ასოციაცია და აღნიშნავს, რომ ხანდაზმულთა მდგომარეობა პრობლემურია. მონაცემების მიხედვით, 65 წლისა და უფროსი ასაკის თითქმის ყოველი მეხუთე ადამიანი სიღარიბის ზღვარს მიღმაა ან ამ რისკის წინაშე დგას.

სიღარიბის მსხვერპლთა შორის ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს ასევე მიეკუთვნებიან: მარტოხელა ადამიანები (სიღარიბის ან მისი რისკის მაჩვენებელი 30.3 პროცენტია), მარტოხელა მშობლები (28.9 პროცენტი) და დაბალი განათლების მქონე პირები (29.1 პროცენტი).

„მთლიანობაში, მიმდინარე ტენდენციები აჩვენებს, რომ სიღარიბე განსაკუთრებით იქ იზრდება, სადაც სტრუქტურული დისბალანსი არსებობს, - განმარტავენ ასოციაციის ავტორები, - მაგალითად, განათლების დაბალი დონე ან შრომის ბაზარზე შეზღუდული ხელმისაწვდომობა“.

ანგარიშის თანახმად, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ყოველი ხუთი ადამიანიდან ოთხი უმუშევარია. ამასთან, დაზარალებულთა 70 პროცენტს გერმანიის მოქალაქეობა აქვს, ხოლო 30 პროცენტს - არა.

ბევრი ოჯახი მწვავე ფინანსურ გაჭირვებას განიცდის. ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს მოსახლეობის 6.9 პროცენტს არ ჰქონდა საკმარისი თანხა საარსებო ხარჯების დასაფარად. ხშირ შემთხვევაში, მათ არ შეეძლოთ ელექტროენერგიისა და გათბობის გაძვირებული საფასურის გადახდა, ხშირად კი - საოჯახო ტექნიკისაც კი." - წერს გერმანული მედია "კეთილდღეობის ასოციაციის" მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშზე დაყრდნობით.

დღის ამბები