ვინ მოთვლის, პატარა მიკროფონი მერაბ თუმანიშვილს სტუდიაში რესპონდენტებისთვის რამდენჯერ დაუმაგრებია. "რუსთავი 2-ში" 19 წლის წინ მოვიდა, შვილივით გამოზრდილ არხზე შვილი, ნიკაც მალევე მოიყვანა.
ნიკა დაბადებულიც არ იყო, "რუსთავი 2" რომ დაიბადა. 1994 წელს, რუსთავში, ერთ პატარა ოთახში, მაგრამ დიდი ამბიციებით და ენთუზიასტების ხელში - მას მერე 32 წელი გავიდა.
იმდენად დიდი დრო გავიდა, ზოგიერთს სათვალავიც კი აერია. მაგალითად, "რუსთავი2-ის" ერთ–ერთ ყველაზე სტაჟიან და ერთგულ თანამშრომელს, ომარ ოდოშაშვილს.
ბატონი ომარი ამ არხის კიდევე ერთი მემატიანეა. 20 წელზე მეტია, "რუსთავი2-ით" ცხოვრობს. ყოველდღიურად ზრუნავს იმისთვის, რომ ოპერატორს კამერამ ან მიკროფონმა არ უღალატოს
საეთეროდან მაყურებლების ცისფერ ეკრანამდე ერთი ნაბიჯია. ლევან ბიწაძემ "რუსთავი 2" ჯერ კიდევ მაშინ გაიცნო, როცა ერთი წლის იყო.
დამოუკიდებელ საქართველოში არაერთი ისტორიული კადრის შემქმნელები და მემატიანეები ეს ადამიანები არიან - "რუსთავი2-ის" ოპერატორები - ახლებიც და ძველებიც.
სისწრაფე, რისკი და ადრენალინი არხზე მომუშავე ოპერატორების განუყოფელი ნაწილი და ყოველდღიურობაა. მათ მიერ შექმნილი ხარისხი დრომ გამოცადა.
28 წლის წინ სტუდიის ოპერატორად ერთი დღით მოსული ზვიად იგრიაშვილი, აქ იმაზე დიდხანს დარჩა ვიდრე წარმოედგინა, ან წარმოედგინა.
როცა საათის ისრები 9 საათს მიუახლოვდება, ამ კედლებში, ამ ნიუსრუმში, ამ საეთეროში, ამ სტუდიაში იმ წუთების ათვლა იწყება, როცა მაყურებელთან შესახვედრად "კურიერის" მთავარი საინფორმაციო გამოშვება ემზადება "კურიერის" მთავარ გუნდთან ერთად. ის, რასაც ეთერში ხედავთ, ხშირად იმ ადამიანების ძალისხმევის შედეგია, რომლებიც კამერის მიღმა არიან
ახლებისთვის თუ ძველებისთვის, კამერის მიღმა თუ მის პირისპირ დიდად მაინც არაფერი იცვლება – დიდი პასუხისმგებლობა და საქმის სიყვარული უცვლელია.
ჟურნალისტი, საინფორმაციო სამსახურის უფროსი, არხის გენერალური დირექტორი - ამ არხზე დაიწყო და დღეს ამ არხის ხელმძღვანელია ნინო შუბლაძე. აპირებს, რომ მშობლიური ტელევიზია უფრო წარმატებული და რეიტინგული გახადოს.
პირველ ივნისს პირველობისთვის დაბადებული არხი ახლაც პირველობისთვის იბრძვის და ერთგულ მაყურებელს ბევრ საინტერესო გადაცემას ჰპირდება.
ყოველ კვირას, 21:00 საათზე, კვირის ამბებისა და მოვლენების შესახებ "კურიერი P.S." გიყვებათ. გადაცემის წამყვანები, გუნდთან ერთად, მაყურებელს არაერთ საინტერესო რეპორტაჟს ჰპირდებიან.
"რუსთავი 2-ის" კამერა სტუდიებსა თუ მის მიღმა სულ ჩართულია, თქვენთვის ამბების თხრობას "დილის კურიერი" იწყებს, "დილა მშვიდობისა საქართველოს" გუნდი კი ქვეყნის მოახლოებას საინტერესო მოვლენებისა და ფაქტების შესახებ უყვება.
მერე უკვე "შუა დღის" დროა, რასაც არაერთი გასართობი გადაცემა, რეიტინგული ტელესერიალი, პოლიტიკური თოქშოუ მოჰყვება.
"რუსთავი 2" ყველგანაა, მათ შორის თქვენს მობილურ ტელეფონებში, ეს ადამიანები 24 საათის განმავლობაში მუშაობენ იმისთვის, რომ ახალი და საინტერესო ამბები სოციალურ მედიაშიც სწრაფად აისახოს.
მიხო და მაროს სახელით, კახეთსა და მთელ საქართველოს რუსთავი ორის ეზოდან დიდი სიყვარულით მოიკითხავს, საქართველოში ყველაზე პოპულარული ქართული სერიალი და მისი გმირები "რუსთავი 2-ის" ეთერში დაბრუნდნენ და ისინი მაყურებელთან შესახვედრად ყოველ შაბათ კვირას ემზადებიან.
წვიმაში, თოვლში, სიცხეში სიცივეში – აქ და ამ ადამიანებისთვის შეუსრულებელი მისია არ არსებობს.
არხის სატელევიზიო პროდუქტების განვითარების ხელმძღვანელმა "რუსთავი 2-ში" შვილიშვილი მოიყვანა. არხის დაბადების დღეზე თაკო ფხაკაძემ შვილიშვილისგან პირველი და განსაკუთრებული საჩუქარიც უკვე მიიღო.
დაბადების დღეზე "რუსთავი 2-ს" ყველაზე დიდი საჩუქარი "ფიფასგანაც" აქვს - არხი მაყურებელს თვე - ნახევრის განმავლობაში ნამდვილს საფეხბურთო ზღაპარში აცხოვრებს.
წლების წინ, სწორედ დიდმა ფეხბურთმა და ბურთმა მიიყვანა არხის კიდე ერთი საკმაოდ სტაჟიანი თანამშრომელი დუდუ კურდღელია "რუსთავი 2–მდე".
"რუსთავი 2-ის" ლოგოს წარმატებამ, 30 წლის განმავლობაში, უამრავი ადამიანის მხრებზე გაიარა.
არქივი "კურიერის" დღევანდელ გამოშვებასაც შემოინახავს და ახალ თაობას მოუყვება, რომ "რუსთავი 2" ყველა იმ ადამიანის ერთობაა, ვინც ამ არხმა გაზარდა. ისტორიის ახალ ფურცელს კი იმ ადამიანებთან ერთად დაწერს, ვისთვისაც "რუსთავი 2" ყველაფერია.