06 აგვისტო 2026,   13:25
ვრცლად
ელჩისთვის აგრემანის გადაცემიდან 8 თვის შემდეგ, რწმუნებათა სიგელის მიღების თარიღი ისევ გაურკვეველია - ოფიციალური ბერლინის მხრიდან თბილისის მიმართ მსგავსი დამოკიდებულება ხელისუფლებისთვის იაფფასიანი პოლიტიკური ნაბიჯია

ელჩისთვის აგრემანის გადაცემიდან 8 თვის შემდეგ, რწმუნებათა სიგელის მიღების თარიღი ისევ გაურკვეველია. პროტოკოლის გაჭიანურებულ მიზეზებზე ოფიციალური ბერლინი ტრადიციადქცეულ დუმილს ამჯობინებს. საქართველოს ელჩისთვის გერმანიის კარი ოფიციალურად ღიაა, თუმცა, პრაქტიკაში ზღურბლზე მოლოდინი უკვე მერვე თვეს ითვლის. სწორედ ამდენი ხანია, რაც ალექსანდრე კარტოზია პროცედურის დასრულებას ელოდება.

რას ემსახურება გერმანიის ხელისუფლების ქმედება - "კურიერმა" კითხვით საქართველოში გერმანიის საელჩოსა და თავად გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსაც მიმართა, თუმცა, ამ დრომდე პასუხი არცერთ უწყებას არ გაუცია. საქართველოს დიპლომატიურმა უწყებამ კი "რუსთავი 2-ს" დაუდასტურა, რომ ქართულ მხარეს ოფიციალური განმარტება გერმანიისგან არ მიუღია, რაც თბილისისთვის მიუღებელიც არის და არამეგობრულიც.

კიდევ უფრო დიდი ხანია, რაც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ ვებგვერდზე საქართველოს შესახებ მონაცემებს არ ცვლის, სადაც პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილია მითითებული. გერმანიის ელჩმა "კურიერის" არც ამ კითხვას უპასუხა - პეტერ ფიშერმა კომენტარი მხოლოდ სასურველ მედიას მისცა. საქართველოს ხელისუფლებაზე მუდმივი თავდასხმებით გამორჩეული გერმანიის ელჩი ამტკიცებს, რომ საიტი განახლების პროცესშია.

ოპოზიციის მხარდამჭერი და ხელისუფლების კრიტიკოსი ელჩის ეს არგუმენტი დამაჯერებელი არ არის "ქართული ოცნებისთვის", განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა საიტზე სხვა ქვეყნების შესახებ ინფორმაცია მუდმივად ახლდება. მათ შორის რუსეთის, რომლის შესახებ ინფორმაცია გერმანიამ 2026 წლის მარტში განაახლა. ამ დროს საქართველოს გერმანიისთვის უკვე სამი ნოტა ჰქონდა გაგზავნილი.

ხელისუფლების ოპონენტებს გერმანიის არამეგობრულ ქმედებაზე საუბარი და მათი მხარდამჭერი ელჩის გაკრიტიკება არ სურთ.

"ქართულ ოცნებაში" ოფიციალური ბერლინის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ იაფფასიან პოლიტიკურ ნაბიჯებზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ დიპლომატიის ისტორიას არ ახსოვს ფაქტი, ქვეყანას ელჩისათვის აგრემანი მიეცა, შემდეგ კი აკრედიტაცია - არა.

როდის გადავა ოფიციალური ბერლინი უმოქმედობიდან მოქმედებაზე, ეს ჯერ უცნობია - ისევე, როგორც ვინ იქნება გერმანიის ახალი ელჩი საქართველოში - პეტერ ფიშერი დიპლომატიურ მისიას რამდენიმე თვეში ასრულებს.

დღის ამბები