02 აგვისტო 2026,   01:00
ვრცლად
დედამ 8 წლის შვილი ცივი იარაღით მოკლა - სასტიკი დანაშაულის დეტალები "კურიერისთვის" გახდა ცნობილი

8 წლის მოსწავლეს ცრემლების გარეშე ვერ იხსენებენ. უჭირთ იმის ახსნა, თუ რატომ გაიმეტა დედამ მცირეწლოვანი შვილი სასიკვდილოდ. "კურიერთან" ჰყვებიან, რომ ოჯახისთვის საეჭვო აქამდე არაფერი შეუმჩნევიათ.

აჰმადოვების ოჯახში დატრიალებულ ტრაგედიაზე ადგილობრივებმა გვიან გაიგეს. ირკვევა, რომ სასტიკი დანაშაულის შესახებ ინფორმაცია სოფელში ბავშვის გარდაცვალების შემდეგ გავრცელდა.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მომხდარი სასტიკი დანაშაულის დეტალები "კურიერისთვის" ცნობილია:

სოფელი ხახალაჯვარში, აჰმადოვების სახლში დედა, სამი შვილი და ბებია იმყოფებოდნენ. 42 წლის ქალმა მოულოდნელად, ხელში ცივი იარაღი, სავარაუდოდ, დანა აიღო და 8 წლის ბიჭს გულ-მკერდის არეში ჭრილობები მიაყენა. ირკვევა, რომ ბავშვი ერთ-ერთ ოთახში, თითქმის უგონო მდგომარეობაში, რამდენიმე საათის განმავლობაში იყო.

საღამოს საათებში, სამსახურიდან დაბრუნებულ მამას ტრაგედიის ადგილას მძიმე სურათი დახვდა. დაჭრილი შვილი საავადმყოფოში სწორედ მან წაიყვანა. მცირეწლოვანი კლინიკაში შეყვანიდან მალევე გარდაიცვალა.

დედა პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა. "კურიერის" ინფორმაციით, 42 წლის ქალი მეზობლის ეზოში იმალებოდა და თვითდაზიანებების მიყენებას აპირებდა, თუმცა ვერ მოასწრო. მის კვალზე სამართალდამცველები გავიდნენ და ადგილზევე დაადეს ხელბორკილები.

სოფელ ხახალაჯვარში მომხდარ მკვლელობაზე გამოძიება გრძელდება. დანიშნულია ექსპერტიზები. შემთხვევის ადგილი სამართალდამცველებმა დაათვალიერეს და კონკრეტული მტკიცებულებებიც მოიპოვეს.

დღის ამბები