საჯაროდ გავრცელებული სიძულვილის ენის შემცველი, შეურაცხმყოფელი და ადამიანის ღირსების შემლახავი შინაარსის განცხადებების მონიტორინგი დაიწყო. ახლი სამსახურის ფუნქცია სამართალდარღვევებზე და საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის გამოყენებაზე რეაგირება იქნება.
გამოხატვის ისეთი ფორმა, რომელიც თავისუფლების ფარგლებს სცდება და არღვევს სხვა ადამიანის უფლებებს, აზიანებს არა მხოლოდ პოლიტიკურ ველს, არამედ საზოგადოების და ქვეყნის ინტერესებს. ვიცე პრემიერმა, რომელმაც პირველმა წარუდგინა ინიციატივა საზოგადოებას დღეს კიდევ ერთხელ განმარტა, რომ იდეა აზრის და გამოხატვის თავისუფლებას არ ზღუდავს. ახალი სამმართველოს მიზანი, პირველ რიგში, პრევენციაა, მისი ფუნქციები კი - სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლისთვის ქმედითი ნაბიჯები.
ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ საჯარო სივრცეში გამოხატვის თავისუფლების დაცვას დამატებითი მექანიზმის შექმნა და სამართლებრივი ჩარჩო არ სჭირდებოდა.
კანონის დარღვევის შემთხვევაში, როგორი იქნება სასჯელის ფორმა, ამას სასამართლო დაადგენს. აგრესიულ განცხადებებს რომ რეაგირება სჭირდება, ამაზე აკეთებენ აქცენტს მმართველი ძალის წარმომადგენლები. საპარლამენტო უმრავლესობის წევრების განცხადებით, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, სად მთავრდება გამოხატვის თავისუფლება და იწყება სიძულვილის ენის ტირაჟირება.
საქართველოს რეალობაში დღეს ამოქმედებული სამმართველოს ანალოგი სამსახურები არაერთ ევროპულ ქვეყანაში უკვე კარგად დამკვიდრებული პრაქტიკაა. დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, ნიდერლანდები, იტალია, ფინეთი და ესპანეთი - ამ სახელმწიფოების უმრავლესობა რეპუტაციის, პიროვნული ღირსებისა და საზოგადოებრივი სტაბილურობის მიზანმიმართულ შელახვას სისხლის სამართლის დანაშაულის კვალიფიკაციას აძლევს. სოციალურ ქსელებში გამოვლენილი მსგავსი დარღვევები ხშირად პატიმრობით ან ჯარიმით ისჯება.