06 აგვისტო 2026,   06:08
ვრცლად
ერთი ციხის ერთ სართულზე, ერთ ჭერქვეშ მყოფი ორი პატიმრის ომი - ექსპრეზიდენტი საკნიდან და ამჯერადაც მენტორული ტონით იწერება

ერთი ციხის ერთ სართულზე, ერთ ჭერქვეშ მყოფი ორი პატიმრის ომი - დღეს ისევ მიხეილ სააკაშვილმა წამოიწყო. ექსპრეზიდენტი საკნიდან და ამჯერადაც მენტორული ტონით, იწერება, რომ ახლა პიროვნული გარჩევების ადგილი არსად არის, თუმცა ეს სივრცე რამდენიმე წინადადების შემდეგ თავად მარტივად მოძებნა - მისი პარტიის ყოფილ თავმჯდომარეს ჯერ განათლება დაუწუნა, შემდეგ კონფლიქტური და იდეებისგან დაცლილი უწოდა, ბოლოს კი ადგილი იმ პოლიტიკურ ჭაობში მოუძებნა, სადაც მისთვის მინიმუმ ორი ყოფილი "ნაციონალი" - ბოკერია და ოქრუაშვილი არიან.

სააკაშვილის მთავარმა ადრესატმა, მისთვის ერთ დროს მთავარ ფიგურას, მოღალატის მანტია დღეს კიდევ ერთხელ მოარგო. ნიკა მელიამ ყოფილი ლიდერისგან ისევ მოითხოვა, რომ, ეჭვიანობისა და ცილისწამების ნაცვლად, განმარტოს - ვინ არიან და რატომ მოქმედებდა ე.წ ანონიმური მოღალატეების კარნახით, ქვეყანაში არაჟნების კონტეინერით ფარულად შემოსვლის დროს.

პარტიის ყოფილი თავმჯდომარე უკვე დეგრადირებულია სააკაშვილის აქტიური დამცველებისთვის. ანა წითლიძემ ნარცისი, ბოღმა და ამბიციური ჯერ ნიკა მელიას უწოდა, შემდეგ კი ოპოზიციური გაერთიანების თითოეულ წევრს, რომლებმაც, მისი მტკიცებით, ყელში დანა გამოისვეს.

"ნაციონალური მოძრაობის" ბრალდებებს დღეს დუმილით უპასუხეს გვარამია-ჩერგოლეიშვილის პარტიიდან, თუმცა დუმილი ნიკა მელიას მამამ დაარღვია, რომელმაც სააკაშვილს მოღალატე უწოდა და იქვე შეახსენა არაჟნების თუ ნაყინების გვერდთ გატარებული ორი დღე.

სააკაშვილის ყველა კრიტიკოსს თავდამსხმელად აღიქვამს "ნაციონალური მოძრაობა." ექსპრეზიდენტის პარტია ყოფილებთან გაერთიანებაში უკვე ფორმალურად რჩება.

ოპოზიციური განხეთქილება სახელისუფლებო გუნდისთვის დიდი ხანია კინოა, რომელიც საზოგადოებამ უკვე არაერთხელ ნახა. "ქართულ ოცნებაში" დარწმუნებული არიან, რომ დაშლა-გაერთიანების, თუ პოლიტიკური ფიგურების გადათამაშების ნებისმიერი მცდელობით, არც ჯამი და არც მოცემულობა შეიცვლება. რეალობა მმართველი გუნდისთვის ერთია - მხარდაჭერის არმქონე ყოფილი თუ მოქმედი "ნაციონალები", ოპონირებას ვეღარავის გაუწევენ.

ოპოზიციური გაერთიანების უპერსპექტივობაზე თავიდანვე ღიად საუბრობდა თავად მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც საერთო ენა ვერცერთ ძველ "ნაციონალთან", მათ შორის ვერც ნიკა მელიასთან გამონახა - პარტიის ყოფილ თავმჯდომარესთან, რომელიც კოლეგების მხილებით ჯერ კიდევ ერთი თვის წინ იმუქრებოდა.

 

დღის ამბები