სამართალდამცავი უწყებების სიძლიერე, კიდევ ერთხელ, ორი დღის წინ დადასტურდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ მუშაობის ბრალდებით, ორი ჯაშუში დააკავა. გულბაათ რცხილაძე და ირაკლი ჩიხლაძე - ეს იმ ადამიანების სახელი და გვარებია, რომლებიც, გამოძიების ინფორმაციით, არასამთავრობო ორგანიზაციებს იყვნენ ამოფარებული და, "ენჯეოს" საფარქვეშ, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების დავალებით მუშაობდნენ.
დანაშაულის მასშტაბურობა 30 ივნისს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ჩატარებულ ორ ბრიფინგზე ნათლად გამოიკვეთა. ლაშა მაღრაძის ორივე განცხადებიდან რამდენიმე წუთში, "კურიერმა" ექსკლუზიურად დაასახელა ჯაშუშურ საქმიანობაში ბრალდებული პირების ვინაობა.
გულბაათ რცხილაძე "ევრაზიის ინსტიტუტის" დამფუძნებელია. ირკვევა, რომ ის, წლების განმავლობაში, მატერიალური სარგებლის სანაცვლოდ, ორი სხვადასხვა სახელმწიფოს სპეცსამსახურების სასარგებლოდ მუშაობდა; მოიპოვებდა სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ინფორმაციას საქართველოს შესახებ; აწყობდა საინფორმაციო კამპანიებს და სხვადასხვა ღონისძიებას; ახდენდა მიღებული ინფორმაციის დამუშავებას და ანგარიშებს შესაბამისი სახელმწიფოების დაზვერვის სამსახურებს უგზავნიდა. რცხილაძეს, რომელიც, მტკიცებულებების მიუხედავად, ბრალს ამ დრომდე არ აღიარებს, სასამართლომ დღეს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა.
პატიმრობა შეეფარდა ირაკლი ჩიხლაძესაც. ბრალს არც ის არ აღიარებს. "სამოქალაქო მოსმენების კავკასიური ცენტრის" დამფუძნებლის საქმე ბევრად კომპლექსური და მასშტაბურია. გამოძიების ინფორმაციით, ის, უცხო ქვეყნის სასარგებლოდ მუშაობის პარალელურად, რეგიონში ჯაშუშურ ქსელს მართავდა; კონკრეტული სახელმწიფოს სპეცსამსახურებისგან იღებდა თანხას; ანაწილებდა სხვა ჯაშუშებზე; აძლევდა დავალებებს და აკვირდებოდა ინსტრუქტაჟის შესრულების ხარისხს. ეს საქმე განსაკუთრებულია იმითაც, რომ ჩიხლაძის დაკავებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საფრთხე აარიდა რეგიონის ქვეყნებსაც - სწორედ ირაკლი ჩიხლაძე მოგზაურობდა მეზობელ სახელმწიფოებში და ინფორმაციას მათ შესახებაც გადასცემდა უცხო ძალას.
საქმე ჯაშუშების შესახებ მოცულობითია. 12-ტომიან მასალაში ინახება პირდაპირი მტკიცებულებები, მათ შორის - სენსიტიური მასალაც, რომელიც საქართველოს შესახებ სტრატეგიული მნიშვნელობის ინფორმაციას მოიცავს. სწორედ ამიტომ, დაკავებულების ადვოკატებს ხელი გაუთქმელობის შეთანხმებაზე აქვთ მოწერილი. ორივე ბრალდებულს 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, მძიმე დანაშაული საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ გახსნილია, საქართველოს სამართალდამცავი უწყებების მოქმედება კი ის უმაღლესი სტანდარტი, რომლის დამკვიდრებასაც მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოები დღემდე აქტიურად ცდილობენ.