წმინდა ნინოსა და ფოკას კავშირი მხოლოდ ისტორიულ და გეოგრაფიულ ხასიათს არ ატარებს. ქართველებისთვის ფარავნის ტბის სანაპიროს განსაკუთრებული რელიგიური და სულიერი მნიშვნელობა აქვს. წმინდა ნინო საქართველოში სწორედ ჯავახეთის მთებიდან შემოვიდა. მისი პირველი გაჩერების ადგილი კი სოფელი ფოკა აღმოჩნდა, სადაც დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა პარაკლისი აღავლინა. მსახურებას, მრევლთან და მთავრობის წევრებთან ერთად, პრემიერ-მინისტრი დაესწრო. უწმინდესმა და უნეტარესმა შიო მესამემ მომლოცველებს ქადაგებით მიმართა.
1700 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც წმინდა ნინოს ქადაგებით ქართველმა ერმა ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა. საიუბილეო წელთან დაკავშირებული კულტურული, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ღონისძიებები, რომლებიც მთავრობისა და საპატრიარქოს კოორდინაციით განხორციელდება, სვეტიცხოვლობის დღესასწაულის ჩათვლით გაგრძელდება. წმინდა ნინო მართლმადიდებელი სამყაროსთვის საუკუნეების განმავლობაში რწმენის, სიყვარულისა და თავდადების სიმბოლოდ იქცა.
წმინდანის ღვაწლზე საუბრობენ სასულიერო პირები. ამბობენ, რომ ფოკის წმინდა ნინოს მონასტერში დღესასწაული ყოველთვის გამორჩეული ლოცვითა და სიხარულით აღინიშნება.
დღესვე, პატრიარქთან და წმინდა სინოდის წევრებთან ერთად, მთავრობის მეთაური ფოკაში წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერში იმყოფებოდა. პრემიერ-მინისტრი მონასტრის წინამძღვარს, იღუმენია ელისაბედს შეხვდა. ირაკლი კობახიძემ მთავრობის წევრებთან ერთად დაათვალიერა ახალქალაქის მიქაელ მთავარანგელოზის ტაძრის მუზეუმიც. პრემიერ-მინისტრს და პატრიარქს სამღვდელმთავრო რეზიდენციაში უმასპინძლა ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა.
ნინოობა განსაკუთრებულად იზეიმეს კახეთშიც - ბოდბის დედათა მონასტერში - იქ, სადაც წმინდა ნინოს საფლავია, მომლოცველები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩავიდნენ. სადღესასწაულო წირვა-ლოცვა ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა აღავლინა.