ხელისუფლება მესტიის რაიონში უკანონო კრიპტომაინინგის წინააღმდეგ აქტიურ ბრძოლას იწყებს. გადატვირთული ელექტროხაზები და მუდმივი შეფერხებები მიწოდების პროცესში - ვიცე-პრემიერის თქმით, სწორედ უსასყიდლოდ მიწოდებული ენერგიის არამიზნობრივად გამოყენებას უკავშირდება. მამუკა მდინარაძემ დღეს კონკრეტულ რიცხვებში განმარტა, რა ოდენობის გადახარჯვა ხდება მესტიაში ყოველწლიურად. მხოლოდ 2025 წელს მუნიციპალიტეტის მიერ ელექტროენერგიის მოხმარებამ 133 მილიონი კილოვატსაათი შეადგინა, რაც, ჯამში, 15 ქალაქის წლიურ საჭიროებას აღემატება.
უკანონო კრიპტო-მაინინგის პრევენციის მიზნით, მთავრობის ინიციატივით, მესტიაში გამრიცხველიანების პროცესი დაიწყება. რაც ნებისმიერ კერძო თუ იურიდიულ პირს უფასოდ მიღებულ ელექტროენერგიაზე გონივრულ ლიმიტს დაუწესებს, ლიმიტის გადაჭარბების შემდეგ კი მომხმარებელს გადასახადის გადახდა მოუწევს. ვიცე-პრემიერის განცხადებით, ამ ფორმით, სახელმწიფო ელექტრო სისტემა ყოველწლიურად 20-25 მილიონი ლარის დაზოგვას შეძლებს, რაც თითოეული გადასახადის გადამხდელისთვის ტვირთის შემსუბუქება იქნება.
გადაწყვეტილება რომ დროული და აუცილებელი იყო, ამას "ენერგო-პრო ჯორჯიაშიც" ადასტურებენ. ელექტრომომარაგების კომპანიაში დღეს იმ პრობლემებზეც ისაუბრეს, რაც, სავარაუდოდ, მაინინგის გამო მიწოდების ხაზებზე იქმნება. გადატვირთვა და გადახარჯვა კომპანიის თქმით, მესტიის მუნიციპალიტეტში კოლოსალურ რიცხვებს აღწევს. მხოლოდ 2025 წელს, რაიონში 2024 წელთან შედარებით მოხმარება 7 პროცენტით გაიზარდა, ჯამურად კი 17-18 მუნიციპალიტეტის საერთო მოხმარებას უტოლდება.
გამრიცხველიანების პროცესი და ელექტროენერგიის მიწოდების ჩარჩოებში მოქცევა კომპანიას და სახელმწიფოს ყოველწლიურად მილიონობით ზარალს აარიდებს - ასეთია სემეკის პოზიცია. მარეგულირებელში განმარტავენ, რომ ლიმიტების დაწესება "ენერგო-პროს" მისცემს შესაძლებლობას, დანაზოგი თანხით ქსელებზე სრული რეაბილიტაცია ჩაატაროს, რაც რეგიონში ელექტრომომარაგების ხარისხს საგრძნობლად გააუმჯობესებს.
მთავრობის ინიციატივით, უკანონო კრიპტო-მაინინგის პრევენციის მიზნით, ინდივიდუალური გამრიცხველიანება მესტიაში მალე დაიწყება. მუნიციპალიტეტში ელექტროენერგია კვლავ უფასო რჩება, თუმცა სახელმწიფოს დოტაცია მოხმარების გარკვეულ ლიმიტებამდე იმოქმედებს.