მიხეილ სააკაშვილის Facebook გვერდზე პოსტი ჯერ დაიწერა, შემდეგ კი წაიშალა. მსჯავრდებულმა და ბრალდებულმა ექსპრეზიდენტმა, შტატების მოქმედი პრეზიდენტი პირუტყვს შეადარა. "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა, რომლის პარტიაც 26 მაისს რუსთაველიდან ცდილობდა ხმა ამერიკის სახელმწიფო მდივნისთვის მიეწვდინა, ბანგლადეშელ ხარსა და დონალდ ტრამპს შორის უჩვეულო მსგავსება აღმოაჩინა. მმართველ გუნდში თვლიან, რომ ეს კონკრეტული გზავნილი და, გარე აქტორების დავალებით, თბილისსა და ვაშინგტონს შორის განახლებული ურთიერთობის დაზიანების მორიგი მცდელობა იყო.
"ბანგლადეშელი ხარი" არ არის ერთადერთი ეპითეტი, რომელიც ყოფილმა და მოქმედმა "ნაციონალებმა" დონალდ ტრამპს მიუსადაგეს. მანამდე იყო, "გაკოტრებული ოლიგარქი", "მსოფლიო მასხარა", "ბოროტი კლოუნი" და "პუტინთან დაახლოებული პრეზიდენტი". ოპოზიციონერები განსაკუთრებით 2016-2020 წლებში აქტიურობდნენ, როცა ტრამპი თეთრ სახლში პრეზიდენტის პოსტს პირველი ვადით იკავებდა.
"ნაციონალურ მოძრაობაში" ამტკიცებენ, რომ სააკაშვილის ანტიამერიკული პოსტის მიზანი ვინმეს დაკნინება არ ყოფილა. თუმცა, კითხვაზე, თუ განცხადება შეურაცხმყოფელი არ იყო, მაშინ რატომ წაიშალა სოციალური გვერდიდან, პასუხი არ აქვთ.
ოპოზიციის მიერ დონალდ ტრამპის მიმართ წარსულში და ახლა გაჟღერებულ განცხადებებს - სიძულვილის ენად აფასებენ მმართველ გუნდში. საპარლამენტო უმრავლესობაში მიიჩნევენ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" და მისი პარტნიორი პარტიები ყველაფერს აკეთებენ ვაშინგტონსა და თბილისს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების შესაფერხებლად.
ანტიამერიკული რიტორიკა ოპოზიციის მხრიდან ბოლო პერიოდში უფრო გააქტიურდა, თუმცა, პარალელურად, შტატებისგან მხარდაჭერასაც ითხოვენ, რაც მმართველი გუნდისთვის გარე აქტორების დავალება და ოპოზიციის ორმაგი სტანდარტია.