პოლიტიკური განცხადებებით გაიხსნა პარლამენტის პლენარული სხდომა.
სესიაზე ოპოზიციის მხრიდან გაკეთდა განცხადებები ეკონომიკურ მაჩვენებლებზე, ფასებზე და დიუშენის სამკურნალო პრეპარატებზე. პასუხად ოპონენტები მმართველმა გუნდმა სპეკულაციებსა და სიცრუის გავრცელებაში დაადანაშაულა.
პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა ლომინაძემ აღნიშნა, რომ ოპოზიცია დიუშენით დაავადებული ბავშვების ხარჯზე პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობს.
"ნამდვილად არაემპათიურად იქცევით, სარგებლობთ და გინდათ დაიწეროთ პოლიტიკური ქულები ისევ და ისევ დიუშენით დაავადებული ბავშვების ხარჯზე. არ გამოვა ეს ასე.
დაახლოებით 15-ზე მეტი შეხვედრა გავმართეთ ბატონ მიხეილ სარჯველაძესთან ერთად სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან. მათ შორის, ეს იყო ბრიტანეთის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი, ირლანდიის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი, პოლონეთის, იტალიის, საფრანგეთის და ა.შ. ყველამ აღიარა ერთხმად, რომ არც ერთ ამ ევროპულ ქვეყანაში დღეს არ არსებობს წამალი დიუშენის სინდრომის სამკურნალოდ.
კიდევ ერთხელ ვთქვით და ვიმეორებთ, რომ დღეს ევროპის ქვეყნებში არსად არ არსებობს წამალი დიუშენის სინდრომის სამკურნალოდ, მიმდინარეობს მხოლოდ განხილვა ამა თუ იმ მედიკამენტის შეტანაზე. ზუსტად ისეთ მდგომარეობაში არიან ეს ქვეყნები, როგორშიც ჩვენ ვართ. ძალიან გთხოვთ გახარიების გუნდს - გაანებეთ პოლიტიკურ მანიპულაციებს თავი,ეს არის სენსიტიური, ურთულესი თემა. არ გინდათ, ნუ შეხვალთ ამ თამაშში. თქვენ ახლა თამაშობთ ამ სიტყვებით და ეს არ არის სათამაშო თემა, ეს ეხება ჩვენს ბავშვებს", - განაცხადა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა ლომინაძემ.