06 აგვისტო 2026,   11:20
ვრცლად
შალვა პაპუაშვილი: სიგნალები, რასაც ვხედავთ უკრაინის ხელისუფლების მხრიდან, იმედს გვიტოვებს, რომ ხდება გადააზრება მათი პოლიტიკის საქართველოს და ქართველ ხალხთან მიმართებით

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრეი სიბიგას მადლობას ეხმაურება და ასევე იმას, ამ ფონზე, როგორ ხედავს საქართველო-უკრაინის ურთიერთობებს.

როგორც შალვა პაპუაშვილი ამბობს, საქართველო მსგავს ნაბიჯებს მადლობისთვის არ აკეთებს, ის აკეთებს იმისთვის, რომ  წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი ფუნქციონირებდეს.  

"ჩვენ ამას მადლობისთვის არ ვაკეთებთ, ჩვენ ვაკეთებთ იმისთვის, რომ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი ფუნქციონირებდეს. ეს მნიშვნელოვანია ჩვენთვისაც, ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვისაც. როგორც აქამდე ასეულობით რეზოლუციას და სხვადასხვა საერთაშორისო ინსტრუმენტს დაუჭირა მხარი და იყო ინიციატორი საქართველო უკრაინასთან დაკავშირებით, ასევე ვაგრძელებთ ამ პოლიტიკას და ყოველთვის ასე ვიქცეოდით, მიუხედავად იმისა, როგორი დამოკიდებულება ჰქონდა უკრაინის ხელისუფლებას ქართველ ხალხთან და ქართულ სახელმწიფოსთან. ის სიგნალები, რასაც ჩვენ ბოლო პერიოდი ვხედავთ უკრაინის ხელისუფლების მხრიდან, იმედს გვიტოვებს, რომ ხდება გადააზრება უკრაინის ხელისუფლებაში მათი პოლიტიკის საქართველოს და ქართველ ხალხთან მიმართებით. ასე რომ ვნახოთ, დაველოდოთ, მომავალი გვაჩვენებს, რამდენად სერიოზულად მოხდება გადააზრება იმ მცდარი პოლიტიკისა, რომელიც აქამდე ჰქონდა უკრაინის ხელისუფლებას ქართველი ხალხის და მისი ხელისუფლების მიმართ," - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

ცნობისთვის, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ მაკა ბოჭორიშვილს მადლობა გადაუხადა გაეროს წესდებისა და ჰელსინკის პრინციპების დაცვისთვის. 

 

 

დღის ამბები