08 აგვისტო 2026,   03:45
ვრცლად
მნიშვნელოვანია გვესმოდეს ამ დღის მნიშვნელობა და ვაცნობიერებდეთ, რომ ყოველი 26 მაისიდან 26 მაისამდე გვჭირდება ვხედავთ ჩვენ ქვეყანას დამშვენებულს, გაძლიერებულს - მიხეილ სარჯველაძე

მცხეთაში 26 მაისის საზეიმო თარიღი განსაკუთრებული მასშტაბით აღინიშნება, რაც ქვეყნის გაქრისტიანებიდან 1700 წლის საიუბილეო თარიღსაც უკავშირდება.

ისტორიულ დედაქალაქში მიმდინარე საზეიმო ღონისძიებებს ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, მოადგილე ირინე წაქაძესთან, სამინისტროს დაქვემდებარებული უწყების ხელმძღვანელ პირებთან, თანამშრომლებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

მინისტრი ადგილზე გაეცნო თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკას, შეხვდა ბავშვების ზონაში შეკრებილ პატარებს და სამინისტროს მიერ მოწყობილი საგამოფენო სივრცეები დაათვალიერა.

"ძალიან მნიშვნელოვანია, კარგად გვესმოდეს ამ დღის მნიშვნელობა და ვაცნობიერებდეთ, რომ ყოველი 26 მაისიდან 26 მაისამდე გვჭირდება ვხედავთ ჩვენ ქვეყანას უფრო მეტად დამშვენებულს, გაძლიერებულს, უფრო მეტად გამდიდრებულს. უნდა ვხედავდეთ თითოეული მოქალაქის კეთილდღეობას, ამისათვის მნიშვნელოვანია, თითოეული მოქალაქის მუხლჩაუხრელი შრომა. მნიშვნელოვანია გვესმოდეს ეს დღე, რადგან ის ძალიან ღირებულია. მთელი ჩვენი ღირებულებების სისტემაზე დაფუძნდეს ჩვენი შემდგომი განვითარება. მიხარია, რომ მაქვს შესაძლებლობა და პატივი, რომ დღევანდელი დღე, მთელ საქართველოს სწორედ მცხეთიდან მივულოცო, საიდანაც დაიწყო ქრისტიანობის საქართველოს ისტორია 1700 წლის წინ.

მნიშვნელოვანია, ყოველთვის კარგად გვახსოვდეს, რომ ყოველდღიურად ბრძოლაა საჭირო იმისათვის, რომ ის, რაც მოიპოვა ჩვენმა წინაპარმა სისხლით, ძალიან დიდი შრომითა და ჯაფით, იქნეს გაფრთხილებული, სათანადოდ დაფასებული, რაც შეიძლება მეტად განვითარებული და გაძლიერებული,"- აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის კუთხეს, სადაც წარმოდგენილი იყო თანამედროვე რეანიმობილი და სამედიცინო მოტოტრანსპორტი, პარალელურად კი, მოქალაქეებისთვის პირველადი დახმარების აღმოჩენის საჩვენებელი სწავლება მიმდინარეობდა.

მიხეილ სარჯველაძემ მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე და საქართველოს გაქრისტიანებიდან 1700 წლის საიუბილეო თარიღი მიულოცა. ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ წელს ეს დღესასწაული მთელი ქვეყნის მასშტაბით კიდევ უფრო გამორჩეულია, რადგან ორ მნიშვნელოვან ისტორიულ მოვლენას აერთიანებს.

მცხეთაში განსაკუთრებული საზეიმო განწყობით აღინიშნა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ზუსტი დრო - 17:10 საათი, როდესაც შეკრებილმა საზოგადოებან, ანსამბლ „ალილოსთან“ ერთად, სახელმწიფო ჰიმნი შეასრულა. დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მრავალფეროვანი პროგრამა დასკვნითი კონცერტით დასრულდება.

დღის ამბები