მერაბ კოსტავა (1939–1989) იყო მე-20 საუკუნის საქართველოს ისტორიის უდიდესი ეროვნული გმირი, დისიდენტი, პოეტი და მუსიკათმცოდნე, რომელიც ზვიად გამსახურდიასთან ერთად სათავეში ედგა ანტისაბჭოთა ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას. იგი დაიბადა 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, და ჯერ კიდევ თბილისის პირველ სკოლაში სწავლისას, ზვიად გამსახურდიასთან ერთად, დადო სამშობლოს თავისუფლებისთვის თავგანწირვის ფიცი.
ბავშვობიდანვე მისი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში უდიდესი როლი ითამაშა ბიძამ, ცნობილმა მსახიობმა გრიგოლ კოსტავამ, რომელიც საბჭოთა რეჟიმმა ციმბირში გადაასახლა. სწორედ ბიძის მონაყოლმა ამბებმა ჩაუკლა მერაბს საბჭოთა ტოტალიტარიზმის შიში.
გადამწყვეტი აღმოჩნდა თბილისის პირველ ვაჟთა სკოლაში სწავლის პერიოდი, სადაც მან ზვიად გამსახურდია გაიცნო. ორმა მოზარდმა სკოლის მერხთან დადო წმინდა ფიცი, რომ სიცოცხლეს საქართველოს თავისუფლებას შესწირავდნენ. ეს არ ყოფილა ბავშვური გატაცება: უკვე 1953 წელს მათ შექმნეს იატაკქვეშა პატრიოტული ორგანიზაცია „გორგასლიანი“, ბეჭდავდნენ და ღამღამობით თბილისის ქუჩებში აკრავდნენ ანტისაბჭოთა პროკლამაციებს.
1956 წლის დეკემბერში, 9 მარტის სისხლიანი დარბევის შემდგომი რეპრესიების ტალღაზე, საბჭოთა უშიშროებამ მერაბი და მისი მეგობრები პირველად დააპატიმრა. მხოლოდ მათი მცირეწლოვნებისა და ცნობილი მწერლების, მათ შორის კონსტანტინე გამსახურდიას, თავდებობის წყალობით გადაურჩნენ ისინი ხანგრძლივ პატიმრობას და პირობითი სასჯელით გათავისუფლდნენ.
„სამშობლოს სიყვარული არ არის მხოლოდ გრძნობა, იგი არის მოვალეობა და მოქმედება”

ციხიდან გამოსვლის შემდეგ მერაბ კოსტავა მუსიკამ გაიტაცა, ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორია დაამთავრა. ნიჭიერი პიანისტი, მუსიკათმცოდნე, თეატრალური კრიტიკოსი და ლიტერატორი მუსიკის მასწავლებლად მუშაობდა და რედაქტორობდა ჟურნალს „ქართული ენა და ლიტერატურა სკოლაში“.
ამავე პერიოდში მან ღრმად შეისწავლა მსოფლიო რელიგიები, თეოლოგია და ფილოსოფია, რაც მის სულიერ საყრდენად იქცა. თუმცა, ინტელექტუალურმა ცხოვრებამ იგი ბრძოლას არ ჩამოაშორა. 1970-იან წლებში, როდესაც საბჭოთა კავშირში დისიდენტური მოძრაობა გააქტიურდა, მან და ზვიად გამსახურდიამ დააარსეს საქართველოს ჰელსინკის ჯგუფი. ისინი ფარულად აგროვებდნენ ინფორმაციას ადამიანის უფლებების დარღვევებზე, პოლიტპატიმრებზე, ეკლესიების ძარცვასა და ქართული კულტურული მემკვიდრეობის განადგურებაზე, რასაც შემდგომ დასავლურ მედიასა და საერთაშორისო ორგანიზაციებს აწვდიდნენ. რეჟიმმა ეს არ აპატია და 1977 წლის აპრილში მერაბ კოსტავა კვლავ დააპატიმრეს „ანტისაბჭოთა აგიტაციისა და პროპაგანდის“ მუხლით.
„გავა დრო და ხელების ცეცებით დავუწყებთ ქართველები ერთმანეთს ძებნას.“
აქედან იწყება მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე და, ამავდროულად, ყველაზე დიდებული ეტაპი -გულაგის 10-წლიანი ჯოჯოხეთი. იგი გადაასახლეს ციმბირში, ირკუტსკის ოლქის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში. ციხის საშინელ პირობებშიც კი მერაბი შეუდრეკელი დარჩა: იგი ხშირად აცხადებდა ხანგრძლივ შიმშილობას სხვა პატიმრების უფლებების დასაცავად. მისი სულიერი სიმტკიცისა და სამართლიანობის გამო, მას უდიდეს პატივს სცემდნენ როგორც პოლიტიკური, ისე კრიმინალური სამყაროს პატიმრები და თავად ციხის ადმინისტრაციაც კი.

აბა, შენ იცი. იყავი დაკვირვებით. თავს მოუარე. გთხოვ, ყოველ დილა-საღამოს, განსაკუთრებით ბოლო თვეებში, იკითხე ხმამაღლა 90-ე ფსალმუნი. ხომ იცი, რა ჯავშანია!“- წერდა ზვიად გამსახურდია.
1978 წელს, ტყვეობაში მყოფი კოსტავა ამერიკის კონგრესმა ნობელის მშვიდობის პრემიაზე წარადგინა. როდესაც მისი პატიმრობის ვადა იწურებოდა, სუკ-მა მოუწყო პროვოკაცია და სასჯელი კიდევ ხუთი წლით გაუხანგრძლივა. სწორედ გადასახლებაში ყოფნისას დაატყდა თავს უმძიმესი პირადი ტრაგედია,მისმა ერთადერთმა ვაჟმა, ახალგაზრდა პოეტმა ირაკლი კოსტავამ, თბილისში გაურკვეველ ვითარებაში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. საბჭოთა ხელისუფლებამ მერაბს უდიდესი მორალური დარტყმა მიაყენა და შვილის დაკრძალვაზე ჩამოსვლის უფლებაც არ მისცა. მან ეს ტკივილი მალულად, ლოცვასა და ლექსებში გადაიტანა, მაგრამ ბოროტებაზე არასდროს გაბოროტებულა.

1987 წელს მერაბ კოსტავა სამშობლოში დაბრუნდა. ხალხმა მას, მისი თეთრი წვერისა და რაინდული გამოხედვის გამო, სიყვარულით „შავლეგო“ შეარქვა. მისმა დაბრუნებამ ქართულ ეროვნულ მოძრაობას უდიდესი, მანამდე არნახული მუხტი მისცა. კოსტავა გახდა ქუჩის საპროტესტო აქციების მთავარი ორგანიზატორი და მორალური კომპასი. მისი გამოსვლები ყოველთვის მოკლებული იყო პოპულიზმს; იგი ხალხს მოუწოდებდა არა სიძულვილისა და შურისძიებისკენ, არამედ სულიერი ამაღლებისა და ქრისტიანული მიმტევებლობისკენ.
1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკულ ღამეს, როდესაც საბჭოთა ტანკები და მომწამვლელი გაზით შეიარაღებული ჯარისკაცები რუსთაველის გამზირზე მომიტინგეებს მიუახლოვდნენ, მერაბ კოსტავა წინა ხაზზე, ხალხის გვერდით იდგა და ბოლო წამამდე არ მიუტოვებია მოედანი. დარბევის შემდეგ იგი კვლავ დააპატიმრეს, თუმცა მასშტაბური საზოგადოებრივი პროტესტის ფონზე მალევე გაათავისუფლეს.

1989 წლის შემოდგომაზე, როდესაც საბჭოთა იმპერია ინგრეოდა და საქართველო დამოუკიდებლობის აღდგენას უახლოვდებოდა, ქვეყანას უდიდესი დარტყმა ელოდა. 13 ოქტომბერს, მერაბ კოსტავა და კიდევ ერთი გამოჩენილი დისიდენტი, ზურაბ ჭავჭავაძე, დასავლეთ საქართველოდან (სადაც ეთნიკური კონფლიქტების ჩაქრობას ცდილობდნენ) თბილისში ბრუნდებოდნენ. ხაშურის რაიონის სოფელ ბორითთან მათი ავტომობილი საეჭვო ვითარებაში მოჰყვა მძიმე ავტოკატასტროფაში. მერაბ კოსტავა ადგილზევე გარდაიცვალა, ხოლო ზურაბ ჭავჭავაძე მოგვიანებით საავადმყოფოში დაიღუპა.
მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურ მიზეზად უბედური შემთხვევა დასახელდა, ქართული საზოგადოების დიდ ნაწილს დღემდე მყარად სწამს, რომ ეს იყო საბჭოთა სუკ-ის მიერ კარგად დაგეგმილი პოლიტიკური მკვლელობა, რათა ერს დაეკარგა თავისი ყველაზე გაწონასწორებული, ავტორიტეტული და მორალური ლიდერი. მერაბ კოსტავას დაკრძალვაზე სრულიად საქართველო გამოვიდა; გლოვის პროცესია კილომეტრებზე იყო გადაჭიმული. იგი დაკრძალეს მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. მერაბ კოსტავამ თავისი ცხოვრებით დაამტკიცა, რომ თავისუფლება პირველ რიგში სულიერი მდგომარეობაა და იგი დღემდე რჩება ქართული სახელმწიფოებრიობისა და გაუტეხელი ეროვნული ნებისყოფის უზენაეს სიმბოლოდ.

9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ ხალხი 9 აპრილზე ლექსებს წერდა და ხეებზე აკრავდა.იგივე განმეორდა მერაბ კოსტავას დაღუპვის შემდეგაც. წერდნენ ცნობილი პოეტებიც და უბრალო ხალხიც.
“თავისი დიდი გულით მერაბ კოსტავამ გააერთიანა საქართველო. მას ყველა უყვარდა, რამეთუ უწყოდა: უკეთუ არ შევიყვარეთ ურთიერთი, არ შეგვიყვარებს უფალი, ვერ გადარჩება საქართველო”.
“ო, ამ მრისხანე გამოხედვის ქვეშ რა შვილი გული იმალებოდა, რა თანაგრძნობა მოყვასისადმი, ყოველი დევნილისა და ჩაგრულისადმი”.
ზვიად გამსახურდია