შიდა ქართლში, დამოუკიდებლობის დღეს მრავალფეროვანი პროგრამით ხვდებიან.
გორის ცენტრალურ მოედანსა და საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიაზე დილიდანვე გაიხსნა მთავარი საგამოფენო და შემეცნებითი სივრცეები.
მოწყობილია "ჭკვიანი ქალაქი", რომელიც საგზაო მოძრაობისა და უსაფრთხოების ინტერაქტიურ სივრცეს წარმოადგენს.
მოედანზე განთავსებულია შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის ძალების სპეციალური ტექნიკა და აღჭურვილობა.
მოქალაქეებს, განსაკუთრებით კი ბავშვებს, შესაძლებლობა აქვთ, მოირგონ პოლიციის ფორმები, დაათვალიერონ ატრიბუტიკა და გაიარონ სიმბოლური საპასპორტო კონტროლი.
იქვე მოწყობილია საცოცი კედელი, ფოტოზონები და თემატური ინსტალაციები. პერიმეტრზე მთელი დღის განმავლობაში მსვლელობას მართავენ ანიმატორები, ზღაპრის გმირები და დრამერების მარში.
გარდა ამისა, იმართება ადგილობრივი მეწარმეების გამოფენა-გაყიდვა.