27 ნოემბერი 2026,   05:52
ვრცლად
სუვერენიტეტი, სარწმუნოება და ოჯახის ინსტიტუტი არის ის სამი მთავარი ღირებულება, რომელზეც ჩვენ ვდგავართ, ესაა ჩვენი თვითმყოფადობის სუბსტანცია - ირაკლი ბათიაშვილი

ფილოსოფიის დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და ესთეტიკისა და კულტურის ფილოსოფიის კათედრის გამგე ირაკლი ბათიაშვილი ევროინტეგრაციისა და ეროვნული ფასეულობების შენარჩუნების აუცილებლობაზე საუბრობს.

"რუსთავი 2-ის" გადაცემა "დებატებში" სტუმრობისას მან აღნიშნა, რომ დასავლურ სამყაროში ინტეგრაციისკენ სწრაფვა ბუნებრივია, თუმცა ეს პროცესი ქართული სახელმწიფოს ფუნდამენტური ღირებულებების დათმობის ხარჯზე არ უნდა მოხდეს.

"ჩვენ კარგად უნდა გვქონდეს გაცნობიერებული და, მადლობა ღმერთს, როგორც ვუყურებ, ამაში ხელისუფლება და ხალხი ერთიანია, რომ ის ფასეულობითი ფუნდამენტი, რაზეც დგას ქართული სახელმწიფო, ეს არის სუვერენიტეტი, სარწმუნოება და ოჯახის ინსტიტუტი. ეს არის ის სამი მთავარი ღირებულება, რაზეც ჩვენ ვდგავართ, ეს არის ჩვენი თვითმყოფადობის სუბსტანცია და ჩვენ გვჭირდება მუდმივად ფიქრი იმ მექანიზმების გამომუშავებაზე, რომ ეს დავიცვათ, განვამტკიცოთ ჩვენში.

მეორე მხრივ - რეალისტები უნდა ვიყოთ, როცა პოლიტიკას და ქვეყნის ბედს ეხება საქმე - ჩვენ არ შეიძლება ვიყოთ მოწყვეტილი დანარჩენ სამყაროს, სავსებით ბუნებრივია ის, რომ ვისწრაფვით დასავლურ სამყაროში ინტეგრაციისკენ. დღეს ევრობიუროკრატია რა დეგრადირებულ მდგომარეობაშია, ამაზე ყველა ლაპარაკობს, მაგრამ ის, რომ ჩვენ გვინდა ევროკავშირში ინტეგრირება და ესეც გლობალიზაციის პროცესის გამოხატულებაა, ეს არის სავსებით ნორმალური. თუმცა, ჩვენი ინტეგრირება უნდა მოხდეს სწორედ ჩვენი თვითმყოფადობის დაცვის მყარი მექანიზმებით. ეს იქნება ძალიან რთული და მტკივნეული პროცესი, რაც უკვე ჩანს, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ეს იქნება გარდაუვალი პროცესი და ამას შეეგუებიან," - განაცხადა ირაკლი ბათიაშვილმა.

დღის ამბები