ქართული რეპერტუარი და ერთმანეთისგან განსხვავებული კონკურსანტები - პროექტი, რომელმაც ორი სეზონის განმავლობაში ნიჭიერი მომღერლების მთელი თაობა აღმოაჩინა, ტელეეკრანებს უბრუნდება.
სიმბოლურია, რომ "საქართველოს ხმა" მესამე სეზონს ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვან თარიღს უკავშირებს. კონცერტი, რომლითაც პროექტი სტარტს აიღებს, დამოუკიდებლობის დღეს ეძღვნება და ეთერში 26 მაისს გავა. მუსიკალურ ნომრებს ჟიურის წევრები და წამყვანი თიკა ფაცაცია, პირველი და მეორე სეზონის გამორჩეულ მონაწილეებთან ერთად შეასრულებენ.
წესები უცვლელია - მუსიკალური ბრძოლა რამდენიმე ეტაპად განვითარდება - მასშტაბური კასტინგი, დაძაბული დუელები და ბოლოს - ფინალური ნაწილი, სადაც ათი საუკეთესო შემსრულებელი პირდაპირ ეთერში პირველობისთვის იბრძოლებს. რუსა მორჩილაძესა და დათო ფორჩხიძესთან ერთად, ჟიურის სავარძელში მაყურებელი ამჯერად "რუსთავი 2-ის" სახეს, აჩიკო სოლოღაშვილს იხილავს.
"რუსთავი 2" აგრძელებს მუსიკალური ტალანტების აღმოჩენას. პირველი გადაცემა ეთერში ხვალ გავა, 2 ივნისიდან კი მაყურებელი კასტინგების სერიას იხილავს - კონკურსანტებს, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ერთი მიზნით ჩამოვიდნენ - იმღერონ ქართულად და მსმენელს თავი უნიკალური ხმით დაამახსოვრონ.
ყოველ სამშაბათს, "რუსთავი 2-ის" ეთერში, 22:00 საათზე, მაყურებელი ქართული მუსიკის კვალდაკვალ მთავარი აღმოჩენების მოწმე გახდება.
ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი