04 აგვისტო 2026,   03:26
ვრცლად
ისტორიული მაჩვენებლები და შემცირებული სიღარიბე - ხელისუფლება დადებითი დინამიკის მიზეზად ეკონომიკურ პროგრესს ასახელებს

90 000-მა მოქალაქემ სიღარიბეს თავი 2025 წელს დააღწია. სიღარიბის მაჩვენებლები ოფიციალურად სამჯერ არის შემცირებული. ციფრი, რომელიც 21 პროცენტს აჭარბებდა, ახლა 7.1 პროცენტამდე ჩამოვიდა. 5 წლის განმავლობაში, წლიური კლება 2.84 პროცენტულ პუნქტს შეადგენდა.

ათასობით მოქალაქის ცხოვრების დონის მაჩვენებლების გაუმჯობესებას მაღალ ეკონომიკურ ზრდას უკავშირებენ. ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში 2012 წელს სიღარიბის ზღვარს მიღმა 1 120 000 მოქალაქე ირიცხებოდა, თუმცა ბოლო წლებში ეს რაოდენობა 280 000-ს ჩამოსცდა. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, დადებითი ტენდენცია სამთავრობო გუნდის პოლიტიკის სისრულეში მოყვანას რეალურს ხდის, რაც 2030 წლისთვის სიღარიბის სრულად აღმოფხვრას გულისხმობს.

ცხოვრების დონის გაუმჯობესების მაჩვენებლები სტატისტიკის სამსახურმა დაამუშავა და დღეს გამოაქვეყნა. საქსტატში აცხადებენ, რომ სიღარიბის დონე შემცირებულია როგორც ქალაქებში, ისე სოფლად მცხოვრებ მოქალაქეებში. ოფიციალური ინფორმაციით, გაუმჯობესებაა ყველა ასაკობრივ კატეგორიაში.

მაჩვენებლების გაუმჯობესებას სამთავრობო უწყებებში ისტორიულს უწოდებენ. ამბობენ, რომ პოზიტიური დინამიკა ეკონომიკურმა ზრდამ და სახელისუფლებო პოლიტიკამ განაპირობა.

სიღარიბის დონის შემცირება ეკონომიკის ექსპერტებს არ უკვირთ. სპეციალისტები რამდენიმე ფაქტორზე ამახვილებენ ყურადღებას და აქცენტს სტაბილურობის მნიშვნელობაზე აკეთებენ.

ცხოვრების დონის გაუმჯობესებაში მთავარ როლს ეკონომიკური მაჩვენებლები ასრულებს. მთავრობის მეთაურის განცხადებით, მეტი თანხა სახელმწიფო ბიუჯეტში მეტ სოციალურ პროექტს და სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოქალაქეების ნაკლებ რაოდენობას ნიშნავს.

სიღარიბის მხრივ წლევანდელი მონაცემები ბოლო წლებში საუკეთესოა, თუმცა სახელისუფლებო გუნდში აცხადებენ, რომ პრიორიტეტი მაჩვენებლების მაქსიმალურად შემცირებაა. 

დღის ამბები