05 აგვისტო 2026,   05:47
ვრცლად
აშშ-ის ადმინისტრაცია ქართველი ოპოზიციონერების კრიტიკის სამიზნე გახდა

"ახლანდელი აშშ-ის ადმინისტრაციის დამოკიდებულება არის ის, რომ ისინი მაინცდამაინც დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებზე არ არიან ფოკუსირებულები" , - ოპოზიციური ალიანსის ლიდერმა ეს განცხადება ერთ-ერთი მედიის ეთერში გუშინ გააკეთა. ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ღიად ამბობს, რომ შტატების ადმინისტრაცია ძირითად ფასეულობებს აღარ იცავს. გუშინ ნათქვამის განმარტება ჯაფარიძეს დღესაც ვთხოვეთ, თუმცა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ჯერ ის ვერ გაიხსენა, რამდენიმე საათის წინ რა ილაპარაკა, შეხსენების შემდეგ კი საკითხის განვრცობაზე უარი განაცხადა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ანტიამერიკული განცხადება არ აკვირვებთ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებს. "ხალხის ძალაში" მიიჩნევენ, რომ ჯაფარიძე და მისი თანაგუნდელები გარე დავალებებს ასრულებენ - აკრიტიკებენ იმ პოლიტიკას, რომელიც ქართველი ხალხისთვის მისაღებია.

არის თუ არა ტრამპის ადმინისტრაცია ანტიდემოკრატიული? ეს კითხვა დღეს ოპოზიციური კოალიციის იმ ლიდერებსაც დავუსვით, ვინც ზურაბ გირჩი ჯაფარიძესთან ერთად გადაცემას სტუმრობდნენ. ნიკა გვარამია ჯაფარიძეს ეთანხმება, გიორგი ვაშაძე კი კოლეგის ნათქვამის შეფასებაზე მედიას უარს ეუბნება.

საპარლამენტო უმრავლესობაში ოპოზიციის რიტორიკა არ უკვირთ. ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი დეპუტატები მიიჩნევენ, რომ პარტნიორის წინააღმდეგ დაწყებული კამპანიის მიზანი ერთია - მოხდეს შტატების პრეზიდენტის იმ სუვერენისტული პოლიტიკის დისკრედიტაცია, რაც საქართველოს ხელისუფლების მიერ არჩეულ პოლიტიკასთან სრულ თანხვედრაშია.

ის, რაც გუშინ ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ ერთ-ერთი მედიის ეთერში თქვა, დღეს კი ნიკა გვარამიამ დაადასტურა, საქართველოსთვის სიახლე არ არის. შტატების მოქმედი ადმინისტრაციის კრიტიკის ეს გზა ქართველმა ოპოზიციონერებმა ჯერ კიდევ 2016-2020 წლებში აირჩიეს, როცა დონალდ ტრამპი პრეზიდენტის კაბინეტს პირველი ვადით იკავებდა. "გაკოტრებული ოლიგარქი", "მსოფლიო მასხარა", "ბოროტი კლოუნი", "პუტინთან დაახლოებული პრეზიდენტი" - ეს იმ ტერმინების მცირე ჩამონათვალია, რომლითაც ნიკა გვარამია, მიხეილ სააკაშვილი თუ სხვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, სოციალურ ქსელში თუ ტელევიზიების პირდაპირ ეთერში, დონალდ ტრამპს მოიხსენიებდნენ.

ოპოზიციის ანტიამერიკულ განცხადებებზე კითხვა ჟურნალისტებმა დღეს საქართველოს მთავრობის მეთაურს დაუსვეს. ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ეს ქმედება ნათლად აჩვენებს მათ შიშს, რაც ქართულ-ამერიკული ურთიერთობების დარეგულირებას უკავშირდება. ხელისუფლების ოპონენტებმა თეთრი სახლის კრიტიკა სწორედ მაშინ განაახლეს, როცა თბილისსა და ვაშინგტონს შორის, ურთიერთობის გადატვირთვის მიზნით, აქტიური კომუნიკაცია დაიწყო. პრემიერის პოზიციას სრულად იზიარებენ მმართველ გუნდში.

ჯაფარიძე, გვარამია, ვაშაძე - ანტიამერიკული რიტორიკისგან განსხვავებული არცერთი განცხადება კოალიციის სხვა წევრებისგან ამ დრომდე არ მოგვისმენია. დუმილს არც ის ხელისუფლების ოპონენტები არღვევენ, ვინც ვაშინგტონთან ურთიერთობების გადატვირთვის ავანგარდში მხოლოდ თავიანთ პოლიტიკურ პარტიებს ხედავენ.

 

დღის ამბები