ჩინეთი - თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ქვეყანაა, რომელმაც უძველესი ცივილიზაცია ტექნოლოგიურ და ძლიერ ეკონომიკურ ძალად გარდაქმნა და რომელთან თანამშრომლობაც ყველას სურს. თავად ჩინეთის ხელისუფლება ყველა ქვეყანასთან არ თანამშრომლობს, ჰყავს თავისი ფავორიტები და სწორედ მათ შორის არის საქართველო, განსაკუთრებით კი, ბოლო პერიოდში. პეკინსა და თბილისს შორის სტრატეგიული ურთიერთობების გაღრმავების მაგალითია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტი ჩინეთში, რომელიც ბოლო 20 წლის განმავლობაში პირველად შედგა.
სწორედ საქართველოსა და ჩინეთს შორის ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირების გაღრმავება, სტრატეგიული პარტნიორობა და თავისუფალი ვაჭრობის მნიშვნელობა იყო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილისა და მისი ჩინელი კოლეგის შეხვედრის მთავარი თემა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჩინელ კოლეგასთან აქცენტი შუა დერეფნის როლზე, ეკონომიკურ თანამშრომლობაზე, ინვესტიციების მიმართულებასა და დაკავშირებადობის გაძლიერებაზე გააკეთა. სპიკერმა საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ ხელშეკრულების მნიშვნელობაზეც ისაუბრა.
შალვა პაპუაშვილმა ჩინელი კოლეგა საქართველოშიც მოიწვია. პარლამენტის თავმჯდომარე დელეგაციის წევრებთან ერთად შეხვდა ჩინეთის სახალხო კონგრესის სხვა წარმომადგენლებსაც. ითქვა, რომ საქართველოსა და ჩინეთს აქვთ საერთო ძალისხმევა, დაიცვან ეროვნული სუვერენიტეტი, მშვიდობა და უსაფრთხოება.
პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს სტრატეგიულ გეოგრაფიულ მდებარეობასა და დაკავშირებადობის მიმართულებით არსებულ დიდ პოტენციალზე ისაუბრა ჩინეთის საგარეო საქმეთა უნივერსიტეტშიც, სადაც მოხსენებით გამოვიდა. პეკინში მდებარე საჯარო უნივერსიტეტი, რომელიც ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არის აფილირებული, ცნობილია როგორც "ჩინელი დიპლომატების აკვანი". უნივერსიტეტში სიტყვით საქართველო-ჩინეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი გიორგი ვოლსკიც გამოვიდა.
ჩინეთის დედაქალაქიდან პარლამენტის თავმჯდომარემ და დელეგაციის წევრებმა შაანსის პროვინციის ქალაქ სიანში გადაინაცვლეს - ქალაქში, რომელიც, ისტორიულად, აბრეშუმის გზის საწყისი და ჩინეთის პირველი დამაკავშირებელი იყო დასავლეთთან, ახლა კი შუა დერეფნის ნაწილია. სწორედ ტრანსკასპიური პროექტის მნიშვნელობასა და საქართველოს როლზე ისაუბრა პარლამენტის თავმჯდომარემ შაანსის პროვინციის კომიტეტის მდივანთან ორმხრივ შეხვედრაზე.
საქართველო, როგორც ჩინეთის პირველი სტრატეგიული პარტნიორი სამხრეთ კავკასიის რეგიონში - თანამშრომლობის გაძლიერების აუცილებლობაზე ისაუბრა მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელმაც. გამოითქვა მზაობა სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებისთვის და ითქვა, რომ, ექსპორტის ზრდასთან ერთად, მნიშვნელოვანია ქართული პროდუქცია ჩინურ ბაზარზე უფრო ფართოდ შევიდეს.
3-დღიანი ისტორიული ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში პარლამენტის თავმჯდომარემ ვაჭრობის, ეკონომიკის, ტურიზმის, თანამედროვე ტექნოლოგიების, კულტურისა და განათლების სექტორებში საქართველოსა და ჩინეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავებისთვის გამოიყენა.
სამი დღის განმავლობაში, დაიგეგმა ახალი პროექტები საქართველოსა და ჩინეთს შორის, აღინიშნა საქართველოს როლი შუა დერეფნის პროექტში, დადასტურდა სტრატეგიული და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მზადყოფნა - ასე დასრულდა ბოლო 20 წლის განმავლობაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი ოფიციალური ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში - სახელმწიფოში, რომელთან თანამშრომლობასაც მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანა ცდილობს. ჩინეთის კარი კი საქართველოსთვის ფართოდ არის გაღებული, რასაც სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება ოფიციალურად ადასტურებს.