შეთანხმება გამარჯვების საერთო სტრატეგიასა და თანამშრომლობის წესებზე - ეს ოპოზიციური ალიანსია, რომლის წევრებიც, არც წესებს იცავენ და არც სტრატეგია აქვთ საერთო. სამაგიეროდ აქვთ ქცევის კოდექსი, მინიმალური სტანდარტით, რაც ერთმანეთზე საჯარო თავდასხმას კრძალავს, თუმცა მორიგი დაპირისპირებაც სოციალურ ქსელში დაიწყო. მიზეზი ამჯერად თავად ოპოზიციის მხარდამჭერი მედია გახდა, რომლის შესახებაც თამარ ჩერგოლეიშვილმა საჯარო პოსტები დაწერა. იბლოკება, რადგან პატიოსანი ადამიანია - ეს "ფედერალისტების" ლიდერის აზრია იმ ტელევიზიაზე, რომლის ხშირი რესპონდენტიც "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერია. სწორედ ამიტომ, კონკრეტულ მედიასაშუალებაზე ჩერგოლეიშვილის შეურაცხმყოფელი სიტყვებით თავი შეურაცხყოფილად გიორგი ვაშაძემ იგრძნო.
პირადი თავდასხმების გამო, თამარ ჩერგოლეიშვილამდე მიხეილ სააკაშვილს უჩიოდნენ. ციხიდან ექსპრეზიდენტის გამოგზავნილ კრიტიკას ალიანსი საჯარო განცხადებებითაც გმობდა და "ნაციონალურ მოძრაობას" მას შემდეგ მუდმივად შიდაგანაწესის დაცვისკენ მოუწოდებდა. ვაშაძის გამო კი ჩერგოლეიშვილს არავინ არაფერზე მიუთითებს. მეტიც, დისტანციურ დაპირისპირებაში მოდერატორის როლში თავად სააკაშვილის პარტია აღმოჩნდა.
ალიანსის შიგნით მიმდინარე პროცესები ლიდერობისთვის ბრძოლად ფასდება ალიანსის გარედან, სადაც არ უკვირთ, რომ კონფლიქტების ავანგარდში ერთი და იგივე პერსონები ექცევიან.
"ქართულ ოცნებას" არ უკვირს, რომ ოპოზიციას ერთმანეთთან დაპირისპირებისთვის მიზეზების მოძებნა არ სჭირდება. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ მათი ოპონენტების მხრიდან ურთიერთსიძულვილის საჯაროდ გამოტანა დიდი ხანია ხელოვნური გაერთიანების სტანდარტული მოვლენა გახდა.
ერთმანეთთან თავდაუსხმელობაზე შეთანხმებული პარტიების თავდასხმა საჯარო სივრცეში პირველი არ არის. ყველაფერი სწორედ სოციალურ ქსელში დაიწყო, ოპოზიციური ალიანსის შექმნიდან რამდენიმე დღეში, როდესაც ჩერგოლეიშვილს "ნაცმოძრაობის" გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი დაუპირისპირდა.