დუმილი, როგორც პასუხი, რომელიც ევროკავშირში არსებულ ღირებულებით კრიზისზე მიუთითებს - მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ დანიაში, მშვიდობიანი მომიტინგეების ძალადობრივი მეთოდებით დაშლის ფაქტის ევროპული სახელმწიფოებისა და სტრუქტურების მიერ ამ დრომდე არ შემჩნევა, კლასიკური ორმაგი სტანდარტის გამოვლინებაა.
კოპენჰაგენში აქცია 13 მაისს დაარბიეს. კადრები და ფოტოები, რომელიც ადგილობრივი პოლიციის მხრიდან, მშვიდობიანი აქციის მონაწილეების მისამართით, ძალის გადამეტების შემთხვევებს ასახავს, სოციალურ ქსელში სწრაფად გავრცელდა.
მომხდარ ფაქტზე, დანიის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან განცხადება ამ დრომდე არ გაკეთებულა.ამ დრომდე უშედეგოდ ითხოვს ადგილობრივი ოპოზიცია პარლამენტში იუსტიციის მინისტრის მისვლას. განმარტებას მხოლოდ ადგილობრივი პოლიცია აკეთებს და ამბობს, რომ ხელკეტები მხოლოდ მცირე დროის განმავლობაში გამოიყენეს, რადგან დემონსტრანტები პოლიციის გაფრთხილებას არ დაემორჩილნენ. მომხდარის გამოძიების აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.
კოპენჰაგენში, საპოლიციო ძალების მხრიდან, გადამეტებული ზომების გამოყენების შემთხვევას არ უარყოფენ ოპოზიციაში, თუმცა მმართველი გუნდის ოპონენტები ამბობენ, რომ დანიაში დემოკრატიის მაღალი ხარისხია და კანონის დარღვევისას მოქალაქეები სამართალს, ინსტიტუციურ დონეზე მიაღწევენ.
დემოკრატიის მთავარი ფასეულობების გაუფასურება და იმ პრინციპების უარყოფა, რომელზეც ევროპული ღირებულებები დგას - ასე ფასდება მმართველი გუნდის მხრიდან დანიის ხელისუფლებისა და ევროპული სახელმწიფოების სიჩუმე. საქართველოში ძალადობრივი აქციების წინააღმდეგ მიმართული საპოლიციო ღონისძიების მისამართით, ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან გამოხატული კრიტიკული რეაქცია და იმავე ევროპის დუმილი კოპენჰაგენში მომხდარ დარბევის ფაქტებზე, "ქართული ოცნებისთვის", ევროკავშირში დღეს არსებული შერჩევითი მიდგომის ცხადი მაგალითია.
ევროპელ ლიდერებს: ურსულა ფონ დერ ლაიენს, ანტონიო კოშტას და რობერტა მეცოლას, კოპენჰაგენში პოლიციის მიერ დემონსტრანტებზე ძალადობის დაგმობისკენ, ირაკლი კობახიძემ ღია წერილით მოუწოდა. მიმართვის მიუხედავად, ადრესატებს, დანიის დედაქალაქში მომხდარ ფაქტებზე, ამ დრომდე პოზიცია არ დაუფიქსირებიათ.