"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.
ხაბეიშვილთან ერთად მსჯავრდადებულ მურთაზ ზოდელავას კი, სასამართლომ 9-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა.
საქმის პროკურორის, ბექა ხუნაშვილის თქმით, ისინი ჩაიბარებენ აღნიშნულ განაჩენს და შეფასების შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას, გაასაჩივრებენ თუ არა სასამართლოს განაჩენს.
"მოგეხსენებათ, სასამართლომ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი ლევან ხაბეიშვილის მიმართ, ასევე მურთაზ ზოდელავას მიმართ. ჩვენი პოზიცია იყო, რომ მას ჩადენილი ჰქონდა ქრთამის დაპირება და ჩვენ მიგვაჩნდა, რომ მასობრივი მედია საშუალებებით შესაძლოა განხორციელდეს ქრთამის დაპირება. ეს, ხშირ შემთხვევაში, უფრო მეტად საფრთხის შემცველია ვიდრე, რამდენიმე პიროვნებას შორის კონსპირაციული შეთანხმება მექრთამეობასთან დაკავშირებით.
გარდა ამისა, სახელმწიფო ხელისუფლების დამხობას ვდებდით ბრალად და ასეც იყო, ვინაიდან, სახელმწიფო ხელისუფლების დამხობა, ყველა შემთხვევაში, საკუთარ თავში მოიაზრებს მხოლოდ არაკონსტიტუციურ პროცესებს, არაკანონიერ ქმედებებს და მასზე რაიმე ზედსართავი სახელის, თუნდაც მშვიდობიანის წინ წამძღვარება არ ცვლის მის არაკონსტიტუციურ შინაარს.
სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ადგილი ჰქონდა სახელმწიფო ხელისუფლებისკენ მოწოდებას და ამავდროულად, ლევან ხაბეიშვილის დაპირებები, სხვადასხვა ორგანოს წარმომადგენლების მიმართ შეფასდა, როგორც საბოტაჟი. ჩვენ ჩავიბარებთ აღნიშნულ განაჩენს, შევაფასებთ და შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას მის გასაჩივრებასთან ან არ გასაჩივრებასთან დაკავშირებით", - განაცხადა პროკურორმა ბექა ხუნაშვილმა.