06 აგვისტო 2026,   11:21
ვრცლად
მსოფლიო განგაშის რეჟიმში - ებოლას საშიში შტამი აფრიკაში სწრაფად ვრცელდება

ჰანტავირუსის შემდეგ მსოფლიო მედიის ყურადღება ახლა "მისტიკური დაავადებისკენ" არის მიპყრობილი - აფრიკაში ებოლას ერთ-ერთი ყველაზე საშიში შტამის ეპიდაფეთქება დაფიქსირდა.

17 მაისს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ვითარება განგაშის მეორე უმაღლეს დონემდე აიყვანა და ეპიდაფეთქება "საერთაშორისო მნიშვნელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საგანგებო მდგომარეობად" გამოაცხადა.

მიუხედავად იმისა, რომ ებოლა მსოფლიოსთვის ახალი ვირუსი არ არის, მიმდინარე აფეთქება განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს -  სწრაფად ვრცელდება ებოლას სწორედ ის შტამი, რომლის წინააღმდეგაც ვაქცინა და სპეციფიკური მკურნალობა ჯერ არ არსებობს.

ვითარება კიდევ უფრო დამძიმდა იმის გამო, რომ დაავადების გავრცელების შესახებ ინფორმაცია დაგვიანებით გავრცელდა. 

ადგილობრივ მოსახლეობას თავდაპირველად სჯეროდა, რომ უცნობი სიმპტომები მისტიკურ დაავადებას ან ჯადოქრობას უკავშირდებოდა. 

შედეგად, დაავადებულები საავადმყოფოების ნაცვლად სამლოცველოებში მიდიოდნენ. 

ვინ იყო პირველი ინფიცირებული და როგორ გავრცელდა ვირუსი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ვარაუდობს, რომ ებოლას ამ შტამის გავრცელება საზოგადოებაში რამდენიმე თვის წინ დაიწყო. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ინფექციის სწრაფ გავრცელებას მაისში გამართულმა დაკრძალვამ შეუწყო ხელი.

პირველი სავარაუდო შემთხვევა მედდა იყო, რომელიც 24 აპრილს კლინიკაში ებოლასთვის დამახასიათებელი სიმპტომებით მივიდა.

ამ შტამით ინფიცირებულ ადამიანებს თავდაპირველად აღენიშნებათ გრიპის ან მალარიის მსგავსი სიმპტომები, რაც მის დაფიქსირებას აჭიანურებს.

ამჟამინდელი მონაცემებით, ვირუსით უკვე 134 ადამიანი გარდაიცვალა. 

Imperial College London-ის შეფასებით, რეგიონში ებოლას შემთხვევების რეალური რაოდენობა, შესაძლოა, უკვე 1 000-საც აღემატებოდეს.

 

CBS News-ის ინფორმაციით, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში სულ მცირე ექვს ამერიკელს ჰქონდა ებოლას ვირუსთან კონტაქტი, მათგან სამი შემთხვევა კი მაღალი რისკის კატეგორიად შეფასდა.

სანამ ებოლას მომაკვდინებელი აფეთქება გავრცელებას აგრძელებს, კონგოს ხელისუფლება მოსახლეობის დამშვიდებას ცდილობს და აცხადებს, რომ საეჭვო შემთხვევების გამოვლენასა და გამოძიებაზე სპეციალური ჯგუფები აქტიურად მუშაობენ, პანიკის საფუძველი კი არ არსებობს. 

რა არის ებოლა და როგორ ვრცელდება ის

ებოლა ერთ-ერთი ყველაზე საშიში ჰემორაგიული ცხელებაა, რომელმაც აფრიკაში ბოლო ათწლეულებში ათასობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. მიმდინარე აფეთქებას განსაკუთრებით საშიშს ის ფაქტი ხდის, რომ მისი გამომწვევი შტამის წინააღმდეგ ამ დროისთვის არც ეფექტური ვაქცინა არსებობს და არც სპეციფიკური მკურნალობა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ბუნდიბუგიოს შტამის წინააღმდეგ შექმნილი ყველაზე იმედისმომცემი ვაქცინა, სავარაუდოდ, მხოლოდ 6-9 თვეში იქნება ხელმისაწვდომი.

ვირუსი ვრცელდება ინფიცირებულ ადამიანთან, მის სისხლთან, ბიოლოგიურ სითხეებთან ან დაბინძურებულ ზედაპირებთან კონტაქტით. ჰაერით ებოლა არ გადადის. ინკუბაციური პერიოდი რამდენიმე დღიდან სამ კვირამდე გრძელდება.

ძირითადი სიმპტომებია მაღალი სიცხე, ძლიერი სისუსტე, კუნთებისა და თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება და გამონაყარი. მძიმე შემთხვევებში ვითარდება სისხლდენა და შინაგანი ორგანოების დაზიანება. დაავადება მაღალი სიკვდილიანობით ხასიათდება.

ებოლას ყველაზე მასშტაბური ეპიდემია 2014–2016 წლებში დაფიქსირდა, როდესაც ინფიცირების დაახლოებით 28 000 და გარდაცვალების 11 000 შემთხვევა გამოვლინდა.

ემუქრება თუ არა მსოფლიოს ახალი პანდემია

არა. 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ებოლას მიმდინარე აფეთქება ამ ეტაპზე პანდემიის კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ქვეყნებმა სიფრთხილე არ უნდა გამოიჩინონ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, გავრცელებული ეპიდაფეთქება სხვა ქვეყნებისთვისაც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საფრთხეს წარმოადგენს. ორგანიზაციის ინფორმაციით, საერთაშორისო გავრცელების რამდენიმე შემთხვევა უკვე დადასტურებულია.

ამ ფონზე, ჯანმო ქვეყნებს მოუწოდებს, აამოქმედონ საგანგებო მართვის მექანიზმები და გააძლიერონ კონტროლი როგორც საზღვრებზე, ისე ქვეყნის შიდა სატრანსპორტო მარშრუტებზე.


ავტორი: ნათია ჩეხერია

დღის ამბები