ევროპარლამენტში "მწვანეების" ჯგუფის ერთ-ერთმა ლიდერმა, ბას ეიკჰაუტმა თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც აღიარა, რომ ჰქონდა "ურთიერთობები", რომლებიც მის თანამდებობას არ შეეფერებოდა. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
მისივე განცხადებით, დაუყოვნებლივ ტოვებს როგორც ევროპარლამენტის წევრის მანდატს, ისე "მწვანეების" ჯგუფის თანათავმჯდომარის პოსტს. 49 წლის ჰოლანდიელმა პოლიტიკოსის თქმით, ბოლო პერიოდში საკუთარ ქმედებებს კრიტიკულად გადახედა და განაცხადა, რომ "ყოველთვის სწორად არ მოქცეულა". ამასთან, ის პასუხისმგებლობას იღებს იმ ურთიერთობებზე, რომლებიც მისი პოზიციისთვის შეუფერებელი იყო.
ბოლო დღეებში საჯარო გახდა ბას ეიკჰაუტის ურთიერთობა 25 წლის ავსტრიელ ევროპარლამენტართან, ლენა შილინგთან, რომელიც ასევე "მწვანეების" ჯგუფს წარმოადგენს.
"გადადგომას ლენასთან ურთიერთობასთან კავშირი არ აქვს", - განუცხადა ეიკჰაუტმა POLITICO-ს პრესსპიკერის მეშვეობით, დამატებითი დეტალების გამჟღავნებაზე სპიკერმა უარი განაცხადა.
გამოცემის ცნობით, "მწვანეების" ჯგუფმა ოფიციალურ განცხადებაში განმარტა, რომ "ქცევის კოდექსის შესაძლო დარღვევებს ძალიან სერიოზულად ეკიდება" და ხაზგასმით აღნიშნა პროფესიული და ღია სამუშაო გარემოს მნიშვნელობა.
ეიკჰაუტი გადადგა 2027 წლის ევროპარლამენტის შუალედური გადანაწილების წინ, როდესაც ევროკავშირის საკვანძო პოლიტიკური პოზიციები ხელახლა განაწილდება. ამავდროულად, ევროპის "მწვანეები" სირთულეებს აწყდებიან მემარჯვენე ძალების გაძლიერებისა და ნიდერლანდებში მხარდაჭერის შემცირების ფონზე.
ცნობისთვის, ავსტრიელი ევროპარლამენტარი ლენა შილინგი, საქართველოში იმყოფებოდა მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე დასასწრებად. მან საქმე პოლიტიკურ დევნად შეაფასა და განაცხადა, რომ ეს პროცესი საქართველოს ევროპული მომავლისთვის მნიშვნელოვანი გამოცდაა.