საზოგადოებრივი სივრცის დაცვა შეურაცხყოფისა და სიძულვილის კამპანიისგან - შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი სამმართველო ფუნქციონირებას უახლოეს მომავალში დაიწყებს.
"ქართულ ოცნებაში" განმარტავენ, რომ საჯარო შეურაცხყოფა გამოხატვის თავისუფლება არ არის და ეს სტრასბურგის სასამართლომაც დაადასტურა.
"ის, რომ ჩინოვნიკის, საჯარო მოხელის შეურაცხყოფა აზრის გამოხატვის და თავისუფლების მანიშნებელი არ არის, სტრასბურგმა დაადასტურა. ერთ-ერთმა უდღეურმა შეურაცხყოფა მიაყენა რომელიღაც მოხელეს, ამაზე იყო რეაგირება, შემდეგ სასამართლომ ის დააჯარიმა, თუ არ ვცდები, 500 ლარით, შემდეგ კი, საიამ, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მხრიდან, გაასაჩივრა - ამაში ხომ ჩემპიონები არიან, წაიღო საერთაშორისო არბიტრაჟში, თუ სტრასბურგში და წააგო ეს სასამართლო დავა. ამით სტრასბურგმა უთხრა, რომ ადამიანების შეურაცხყოფა არ არის აზრის გამოხატვა და თავისუფლება, შეურაცხყოფა არის შეურაცხყოფა, რომელიც დაისჯება. ბუნებრივია, ამ მიმართულებით, შესაბამისი სტრუქტურა მნიშვნელოვან პრევენციას განახორციელებს, რადგან ამ საზოგადოებაში ხელოვნურად შექმნილი და მხარდაჭერილი პოლარიზაცია რამენაირად შევამციროთ," - აცხადებს პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა.
საქმეში "მილაძე საქართველოს წინააღმდეგ" ევროპულმა სასამართლომ მკაფიოდ განმარტა, რომ საჯარო შეურაცხყოფა პოლიტიკური კრიტიკა არ არის, სოციალური ქსელი კი საჯარო სივრცეა - შედეგად, ეროვნული ინსტანციების გადაწყვეტილება მომჩივანს დაკისრებოდა ჯარიმა ევროსასამართლომ ძალაში დატოვა.
საუბარია 2022 წელს აქტივისტ ირაკლი მილაძის ვიდეოზე, რომელშიც მან თბილისის მერს, მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს და ქართულ პოლიციას შეურაცხყოფა მიაყენა.