ზაარბრუკენსა და თბილისს შორის 51-წლიანი პარტნიორობის გაწყვეტას საპარლამენტო უმრავლესობაში აბსურდის თეატრად აფასებენ. გერმანიის გადაწყვეტილება უკვე მეორე დღეა მმართველი გუნდის კრიტიკის სამიზნეა, სადაც აცხადებენ, რომ ქვეყნებს შორის ისტორიული მეგობრობა არ უნდა დაზიანდეს.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი მიიჩნევს, რომ მუნიციპალურ დონეზე მიღებული ეს გადაწყვეტილება კონკრეტული დავალებების შემსრულებელი პირების მიერ არის ნაკარნახევი.
"მუნიციპალურ დონეზე როცაა ლაპარაკი და ამის წარმოჩენას ცდილობს კონკრეტული სახელმწიფო იმგვარად, რომ ეს არის გარკვეული პასუხი ე.წ. დემოკრატიულ უკუსვლაზე, თუ რას იმიზეზებენ და რა მოაქვთ არგუმენტად, ესეც გასარკვევია კარგად, რა თქმა უნდა, ეს არის მორიგი აბსურდის თეატრი, რომელიც დაიდგა შესაბამისი მარიონეტული პირების მიერ, რომლებიც ასრულებენ კონკრეტულ დავალებებს," - განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.
შეგახსენებთ, გერმანული მედიის ინფორმაციით, ზაარბრუკენისა და თბილისის დაძმობილების გაწყვეტა საქართველოში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებს უკავშირდება. აღნიშნულ საკითხს დედაქალაქის მერი, კახა კალაძე წერილობით გამოეხმაურა და გადაწყვეტილების მიღმა "დიფ სთეითის" გავლენებზე ისაუბრა.