07 აგვისტო 2026,   21:42
ვრცლად
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება და ახალი სამმართველო - ხელისუფლება სიძულვილის ენაზე რეაგირებას აძლიერებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა ახალი სამმართველოს შექმნას, რომელიც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენასა და შუღლის გაღვივებაზე სამართლებრივ რეაგირებას მოახდენს. პრემიერის განმარტებით, საჭიროა ეფექტური მექანიზმების ამოქმედება იმ ზიზღის კამპანიის წინააღმდეგ, რასაც საქართველოში გარე აქტორები ნერგავენ. სწორედ ამას უზრუნველყოფს შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი სტრუქტურული ერთეული.

საჯაროდ გაკეთებული შეურაცხმყოფელი, უცენზურო და დამამცირებელი განცხადებები გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს რომ სცდება, ამას სტრასბურგის სასამართლოც ადასტურებს. საქმეზე "მილაძე საქართველოს წინააღმდეგ" ეროვნული ინსტანციების გადაწყვეტილება ძალაში დარჩა.

საქმე კონკრეტულ ვიდეომიმართვას ეხებოდა. 2022 წელს აქტივისტმა ირაკლი მილაძემ თბილისის მერისა და პოლიციის მისამართით შეურაცხმყოფელი ვიდეო გაავრცელა.

ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ეს არ წარმოადგენდა პოლიტიკურ კრიტიკას და მომჩივნისთვის 500-ლარიანი ჯარიმის დაკისრება გამართლებული იყო. ამ გადაწყვეტილებით დადასტურდა ისიც, რომ საქართველოს კანონმდებლობა სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან. სტრასბურგის სასამართლოს ამავე დადგენილებით, სოციალური ქსელიც საჯარო სივრცედ განისაზღვრა.

არაერთი არგუმენტის მიუხედავად, ახალი სამმართველოს შექმნას აკრიტიკებენ ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრში. ხელისუფლების ოპონენტები არც იმაზე საუბრობენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ერთეული ნებისმიერი მოქალაქის, მათ შორის, მათივე უფლებებსაც დაიცავს.

ინიციატივას მიესალმებიან საპარლამენტო უმრავლესობაში. დეპუტატები მიიჩნევენ, რომ კრიტიკა შეურაცხყოფასთან არ უნდა იყოს გათანაბრებული. ადამიანის ღირსების შემლახველი, უცენზურო და დამამცირებელი განცხადებები კი შესაბამის სანქციას უნდა დაექვემდებაროს.

ახალი სამმართველოს შექმნის ინიციატივით ვიცე-პრემიერი და სამართალდამცავი უწყებების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გუშინ გამოვიდა. მამუკა მდინარაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ თავად უზრუნველყოფს ისეთი პრაქტიკის დანერგვას, რაც სამართალდარღვევას აღმოფხვრის და ადამიანის უფლებებს დაიცავს.

დეპარტამენტი, რომლის დანიშნულებაც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენისა და შუღლის შემცირება იქნება, ფუნქციონირებას უახლოეს მომავალში დაიწყებს.

დღის ამბები